ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა - ეძებენ კაცს, რომელმაც 653 181 ლარი მითვისა
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს, შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“ დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით, ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.