თეგებით ძიება

დედამთილის 5 კატეგორია, რომელიც ოჯახში კონფლიქტს იწვევს

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამაკაცი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, დედები ზოგჯერ მაინც ვერ ახერხებენ იმის გააზრებას, რომ ახალდაქორწინებულ წყვილს მშვიდად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცენ. მეტიც, მათთვის რძალი შვილის ცხოვრებაში საპატიო მეორე ადგილს იკავებს, პირველ პოზიციას კი თავად არ თმობენ.

რძლისა და დედამთილის ურთიერთობის შესახებ არაერთი რამ დაწერილა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომაც ზოგი შესანიშნავი ურთიერთობის აწყობას ახერხებს, ზოგს კი ცხოვრება დაძაბული და ტოქსიკური ურთიერთობით განსაკუთრებით უმძიმდება.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქორწინებამდე დაძაბულობა ნაკლებად ჩანს. რადგანაც, მომავალი დედამთილი, როგორც წესი, კარგ ხასიათს ავლენს, კეთილგანწყობას გამოხატავს. მთავარი პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ერთად თანაცხოვრების ეტაპი დადგება. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, თუ წყვილი ცალკე სახლში არ ცხოვრობს.

ფსიქოლოგებმა დაასახელეს დედამთილის რამდენიმე ტიპი, რომელთა ქცევაც ხშირად ოჯახში კონფლიქტსა და დაპირისპირებას იწვევს. აქვე რჩევებიც შემოგტავაზეს ურთიერთობის დათბობისთვის. რა თქმა უნდა, დაპირისპირება ყოველთვის შეგიძლიათ, თუმც აეს რეკომენდაციები მხოლოდ მშვიდობის დასამყარებლად შემოგთავაზეს.

მტრულად განწყობილი დედამთილი

ასეთ ქალებს ავტორიტარული ხასიათი აქვთ, პირველობა უყვართ და ვერ ეგუებიან, თუკი რომელიმე მიმართულებით პირველობაში ვინმე ეცილება. როგორც წესი, ყველაფერზე საკუთარი პოზიცია აქვთ და განსხვავებული აზრის მიღება არათუ არ შეუძლიათ, არამედ არც აღიარებენ, რომ მათი აზრის გარდა, შეიძლება სხვა რამ იყოს სწორი. სახლის, ქმართან ურთიერთობის, შვილების აღზრდის საკითხში რძალი მუდმივად დაძაბულია, რადგანაც მისგან უამრავ შენიშვნას იღებს და ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდად გამოსდის. ასეთ დედამთილთან ურთიერთობისას შესაძლოა, გქონდეთ განცდა, რომ, თითქოს, ოჯახის სრულფასოვან წევრად არ აღგიქვამთ. ხშირად გამოხატავს აგრესიას და ყველაფრით უკმაყოფილოა.

თუკი ასეთი ტიპის დედამთილთან გაქვთ ურთიერთობა, მაშინ ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემა გამოიჩინოთ და გაიხსენოთ, რომ ის თქვენი მეუღლის დედაა. შესაძლოა, ის თქვენ მიმართ კი არა, ზოგად აგრსესიას გამოხატავდეს, რადგანაც, როგორც წესი, ეჭვიანობს, სურს, რომ შვილის სიყვარულში არავინ ეცილებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პოზიცია მყარად დააფიქსიროთ, მაგრამ შეგიძლიათ, გარკვეული ხრიკებიც გამოიყენოთ. მაგალითად, თქვენს დედამთილს გარკვეული რჩევები სთხოვეთ, უთხარით, რომ რაღაც გასწავლოთ, შემდეგ შედეგი აჩვენეთ. ასე შეძლებთ, ნელ-ნელა ურთიერთობა მოაწესრიგოთ.

დედამთილი-კრიტიკოსი

ასეთი კატეგორიის დედამთილი, როგორც წესი, ღია დაპირისპირებაში არასოდეს შედის, თუმცა საკუთარ დანიშნულებად მიიჩნევს, რომ რძალს მუდმივად ასწავლოს რაღაც, შენიშვნები მისცეს, ყველაფერი გააკრიტიკოს. მეტიც, შესაძლოა, ტონი სრულიად მშვიდი და კეთილგანწყობილი იყოს, მაგრამ საჯაროდაც კი მოგცეთ შენიშვნები.

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ასეთ დროს დიპლომატიის გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაეთანხმეთ, უთხარით, რომ მართალია, თქვენი პოზიციაც იქვე დააფიქსირეთ და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ.

დედამთილი მსხვერპლის როლში

ასეთი დედამთილი ფარული აგრესორია. თქვენ მიმართ პირდაპირ აგრესიას არ გამოხატავს, თუმცა შვილთან მუდმივი ჩივილებითა და უკმაყოფილებებით მიდის. ეუბნება, რომ მის აზრს არ უსმენთ და პატივს არ სცემთ. შესაძლოა, დიდხანს იტიროს და თავი მსხვერპლად აგრძნობინოს.

ასეთ დროს მამაკაცის პოზიციაზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს დედის ჩივილებზე, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მაგრამ გამოიჩინეთ პატივისცემა, ნუ გაამწვავებთ სიტუაციას. აუხსენით მეუღლესაც, რა ხდება სინამდვილეში.

ეგოისტი დედამთილი

ასეთი დედამთილი გამუდმებით საკუთარ თავსა და ინტერესებზე ფიქრობს, ამიტომ შეუძლია, ნებისმიერ დროს თქვენი გეგმები ჩაშალოს. მაგალითად, თუ სადმე გასართობად, დასასვენებლად აპირებთ წასვლას, გამოაცხადოს, რომ ცუდადაა, დახმარება სჭირდება, სასწრაფოდ აქვს რაიმე გასაკეთებელი და ასე შემდეგ. ის, რომ შესაძლოა, ამგვარი ქცევით შაბათ-კვირა, ან თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე მთლიანად ჩაშალოს, არ აწუხებს. მთავარია, თავად იგრძნოს თავი კომფორტულად.

მშვიდად და გონივრულად ესაუბრეთ თქვენს ქმარს იმის შესახებ, რომ დედის დახმარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძალიან სწორია. მაგრამ თქვენ გყავთ ოჯახი და ოჯახს აქვს საზღვრები - არის საერთო გეგმები, ამოცანები და პრობლემები, რომლებიც არ და ვერ გადაიხედება. ნებისმიერ შემთხვევაში, ოჯახი პირველ ადგილზე უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რაიმე გადაუდებელი არ არის.

დედამთილი-დედინაცვალი

თუ გსურთ, ბავშვი დამოუკიდებლად აღზარდოთ, მაშინ ასეთ დედამთილს თავიდანვე უნდა განუსაზღვროთ, რა პრიორიტეტები გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მუდმივად ეცდება, რომ საკუთარი აზრი თავს მოგახვიოთ, ისე გაგაკეთებინოთ ყველაფერი, როგორც თავად თვლის სწორად. დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ბავშვის მოვლისა და აღზრდის საკითხებში ნაკლები გამოცდილება გაქვთ და თავად უფრო უკეთ იცის. ასევე, არ უნდა მიეჯაჭვოთ ზედმეტად, რადგანაც ასე შესაძლოა იფიქროს, რომ მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.

პირველ რიგში, პირადი საზღვრები უნდა დაიცვათ და უთხრათ დედამთილსაც, რომ არის რაღაცები, რასაც დამოუკიდებლად გაართმევთ თავს და დამხმარე არ გჭირდებათ.

როგორც წესი, პრობლემის მთავარი საფუძველი არის ის, რომ ქალების უმრავლესობას არ უნდათ იმის გააზრება, რომ მათი ვაჟები გაიზარდნენ და დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასეთ დროს მამაკაცის პოზიციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მამაკაცი თვლის, რომ დედის აზრი უპირობოდ სწორი და გასათვალისწინებელია, მაშინ კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე, უნდა შეეცადოთ, რომ გამოხატოთ პატივისცემა, მშვიდი და კეთილგანწყობილი ტონით ესაუბროთ და თქვენი პოზიციაც გაუზიაროთ.

წყარო: მშობლები. გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა