"ბრალდებულს ფიზიკურად არ შეეძლო, ჰქონოდა იმის განცდა, რომ მცირეწლოვანთან ჰქონდა კავშირი" - 13 წლის გოგოს შანტაჟი ინტიმური ფოტოებით - დაკავებული მოქმედი ჯარისკაცია
შანტაჟი ინტიმური ფოტოებით - მოქმედი ჯარისკაცი 13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 23 წლის კაცი, სკოლის მოსწავლეს ინტიმური ფოტოების და ვიდეოს გადაღებას აიძულებდა. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს კი სოციალურ ქსელში აგზავნინებდა და შემდეგ აშანტაჟებდა.
გამოძიების ინფორმაციით, თუ ბავშვი მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, ჯარისკაცი მოზარდს სკოლასთან დახვედრით და ცემით ემუქრებოდა. საზარელი ამბავი ბავშვის დედამ შეიტყო და პოლციიას მიმართა - მოძალადის დასაკავებლად მისულმა სამართალდამცველებმა კი მის მობილურში პირადი ცხოვრების ხასიათის ათობით კადრი აღმოაჩინა, ამიტომ შესაძლოა, 23 წლის კაცს ბრალი კიდევ დაუმძიმდეს.
23 წლის კაცი უკვე დაკავებულია და სასჯელს ქუთაისის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, ალექსანდრე კობაიძე ამტკიცებს, რომ მიმოწერის დროს დაკავებულმა არ იცოდა, რომ 13 წლის მოზრდთან ჰქონდა მიმოწერა.
ადვოკატი ამტკიცებს იმასაც, რომ "სკოლაში 17-18 წლის გოგონებიც დადიან".
"ბრალდებულს ფიზიკურად არ შეეძლო, ჰქონოდა იმის განცდა, რომ მცირეწლოვანთან (არასრულწლოვანთან) ჰქონდა კავშირი. იქ ისეთი ვიზუალური ფოტო და ვიდეო სურათებია, რომ წარმოუდგენელია, ჩვენ ის მცირეწლოვნად აღვიქვათ. თავად ბრალდებულს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ არასრულწლოვანთან ჰქონდა ურთიერთობა. სკოლაში 17 წლისები და 18 წლის გოგოებიც და ბიჭებიც დადიან თავისთავად. გამოყენებული სიტყვა - სკოლა, იმას არ ნიშნავს, რომ მან იცოდა, რომ ბავშვი იყო ცამეტი წლის თუ 18 წლის.
ბრალდების მხარეს დასამტკიცებელი ექნება, რამდენად გაავრცელა ჩემმა დასაცავმა პირმა აღნიშნული (ფოტო და ვიდეო მასალები). მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ საქმეში გვაქვს, ყველა ერთი და იმავეს იძახის - შემოვიდა რაღაც ვიდეო, სახე არ ჩანდა და შემდეგ მე ეს წავშალე. საიდან შემოვიდა, წყარო არ არის მითითებული. ვიდეოში რომ რაიმე ფორმით დაზარალებული იყოს, აქაც არ არის არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ"- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.