ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პეტერბურგის საოლქო სამხედრო სასამართლომ დარია ტრეპოვას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აფეთქებასთან კავშირისთვის, რომლის შედეგადაც სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.
პროკურატურა ქალისთვის 28-წლიან პატიმრობას ითხოვდა. 2023 წლის 2 აპრილს ტრეპოვა მივიდა ტატარსკის შემოქმედებით საღამოზე, პეტერბურგის ცენტში მდებარე კაფეში და სამხედრო ბლოგერს მისი მოოქროვილი ბიუსტი აჩუქა. რამდენიმე წუთში ქანდაკება აფეთქდა, რის შედეგადაც ტატარსკი ადგილზე დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
ტრეპოვა შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს, მას ტერაქტის განხორციელებაში, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ გადატანასა და დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს ბრალი. გამოძიება მიიჩნევს, რომ სამხედრო ბლოგერის მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა. ტრეპოვა ბრალს აღიარებს მხოლოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში და აცხადებს, რომ მას ტატარსკისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. როგორც ის ამბობს, იცოდა, რომ ქანდაკებაში მოსასმენი მოწყობილობა იყო.
როგორც დასკვნით სიტყვაში დარია ტრეპოვამ განაცხადა, რცხვენია, რომ მისმა გულუბრყვილობამ ასეთი კატასტროფული შედეგები გამოიწვია. ბრალდებულმა ბოდიში მოუხადა ყველა დაზარალებულს.
ტატარსკი, რომელიც 2014 წელს დონბასში ომის დაწყების დროს ციხიდან გაიქცა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი სამხედრო ბლოგერი იყო, რომელსაც ტელეგრამ-არხზე 560 000-მდე გამომწერი ჰყავდა. მას კავშირები ჰქონდა როგორც კრემლში, ისე რუს ნაციონალისტებთან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან. ტატარსკი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაეფექტიან მოქმედებებს უკრაინის ომში.