თეგებით ძიება

ტურიზმი ისე ვითარდება, რომ ტურისტზე არავინ ფიქრობს. მხოლოდ ღვთისგან ნაჩუქარი ბუნების და კულტურული ძეგლების იმედად ვართ - მარინა მეტრეველი

ზამთრის კურორტებზე უხვი თოვლის მიუხედავად, ტურისტული სექტორი დიდი გამოწვევევბის წინაშეა. მესტიაში ერთი გავლაც კმარა იმის გასაგებად, რომ ტურისტების აქტივობა დაბალია და სეზონი ჩავარდა - ამბობს ერთ-ერთ გამოცემასთან მესტიაში, სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ეკა გველესიანი. “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებლის, ცოტნე ჯაფარიძის თქმით,  გუდაურში „თოვლი არის, ტურისტი კი არა“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყაზბეგში ბევრი სასტუმრო იხურება ,რადგან ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობაა და სასტუმროებს ხელფასების და კომუნალური ხარჯების დაფარვა უჭირთ. ზამთრის კურორტების გარდა, ტურისტულ სექტორს დედაქალაქშიც პრობლემები აქვს - არსებული ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში, 1000-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროა გამოტანილი გასაყიდად.

დარგის ექსპერტები შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებს შორის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და არასაკმარის მარკეტინგს ასახელებენ, თუმცა განსხვავებული ვერსიებიც არსებობს. TIA.GE-ს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, ტურიზმის ექსპერტი მარინა მეტრეველი ესაუბრა:

- პრობლემების მთავარი მიზეზი ტურისტების (განსაკუთრებით ადგილობრივების) მიმართ არასწორი დამოკიდებულება და საშინელი მომსახურეობაა. ფასებზე და მომსახურების ჰარმონიზირებაზე აღარ ვლაპარაკობ. მაღალი ფასი რომ გადაიხადო, ხომ უნდა გიღირდეს? თეთრეულს რომ 6-7 დღე არ გამოგიცვლიან იმიტომ, რომ ხან წყალი არ აქვთ და ხან კანალიზაცია არ მუშაობს, რომელ მომსახურებაზეა საუბარი?  ცალკეა კვების პრობლემა. სასადილოდ რომ მიხვალ და ვახშმამდე უმარტივესი კერძის მომზადებას ელოდები, ამას რა ქვია? 

- იქნებ ყველაფერი გამოუცდელობის ბრალია? ფაქტია, ტურიზმის მიმართულებით დიდი გამოცდილება არ გვაქვს.

- მახსენდება, რომ 2013 წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის მასალებზე სამეცნიერო კვლევა გავაკეთე. მაინტერესებდა ვინ აძლევს ეკონომიკურ ფორუმს ჩვენზე სტატისტიკურ მონაცემებს და ვერ მოვიძიე, მაგრამ ყველაზე საინტერესო 139 ქვეყნის მიმოხილვა და რეიტინგები იყო და რაც ყველაზე მეტად თვალში მეცა, კლიენტზე ორიენტირების მხრივ, დარგის განვითარებაში 139 ქვეყნიდან 103 ადგილზე ვიყავით. დღესაც ასეა და უფრო უარესად. ტურიზმი ისე ვითარდება, რომ ტურისტზე კაციშვილი არ ფიქრობს. არც ტურისტზე ორიენტირებული პოლიტიკა მუშავდება, არც ტურისტზე ორიენტირებული მომსახურებაა. ქვეყანაში ტურიზმზე ორიენტირებული მარტო ღვთისგან ნაჩუქარი ბუნება და საუკუნეების  კულტურული ძეგლებია, მეტი არაფერი. ამდენი წიგნი იმიტომ ვწერე, რომ დარგში განათლებული კადრი გვყოლოდა, მაგრამ ამას არაფერი ეშველა. სხვათა შორის, კოვიდმა კარგად „გაფილტრა“ ვისთვის იყო ტურიზმი საყვარელი საქმე და ვისთვის  უბრალოდ, სამუშაო - შეიქმნა თუ არა პრობლემა, მაშინვე სხვა დარგებში გადავიდნენ. 

- იქნებ შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ?

- რა თქმა უნდა, ის მიზეზიც იყო, რომ ოჯახში პურის ფული უნდა შეეტანათ, რადგან დარგი მთლიანად გაჩერდა, მაგრამ ენთუზიაზმიც ხომ არსებობს? მთელი ჩემი ცხოვრება ტურიზმში ვდებ ფულს და უკან ვერაფერს ვიღებ. კონფერენციებზე დავდივარ თუ წიგნებს ვბეჭდავ, ყველაფერს ოჯახის ბიუჯეტიდან, ტურიზმისთვის ვიღებ, მაგრამ ძვრა ვერაფერს ვუქენი, ამიტომ გავჩერდი, აზრი არ აქვს... 

- რა გამოდის, არასაკმარისი მარკეტინგი არაფერ შუაშია?

- მარკეტინგამდე და განვითარების სხვა ღონისძიებამდე რომ მიხვიდე... დარგის ხალხი ისე ცუდად იქცევა, ისეთ ცუდ რაღაცეებს აკეთებს, რომ ამაზე საუბარიც არ მინდა... ყველას ფული უნდა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე აბსოლუტურად არავინ ფიქრობს. როგორ შეიძლებოდა წელს, როცა ამხელა თოვლი იყო, სეზონის ჩავარდნა? სასტუმროს მეპატრონეებს რომ ვეკითხები, ბუკინგს როგორ და რომელ საიტებზე აკეთებთ, როგორ მუშაობთ, რომ თქვენზე ყველამ კარგი დაწეროს და ტურისტები მიიზიდოთ თქო, პასუხისაც ვერ მცემენ, წარმოდგენა არ აქვთ. ხაჭაპურების ფასებზე რომ იყო ლაპარაკი. შედით აბა, ნახეთ პირსახოცს დროულად თუ უცვლიან და ნორმალურად თუ ემსახურებიან? რა ფასებზეა ლაპარაკი? თუ ადამიანი კმაყოფილია, ის თავად მოინდომებს, რომ მეტი გადაიხადოს.

განათლების და მომსახურების პრობლემების გარდა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ეს ტურისტთან კორექტული დამოკიდებულებაა, რაშიც შესახლებიდან დაწყებული, გაცილებით დამთავრებული, ბევრი რამე იგულისხმება. ჩვენმა სექტორმა კორექტული მომსახურება და დამოკიდებულება უნდა ისწავლოს, მაგრამ სწავლობს ის, ვისაც სწავლა უნდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა