თეგებით ძიება

რა ვიცით რუს "ბუნჩულა დათვზე", რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი გატეხა?

ჰაკერები, რომლებიც საკუთარ თავს “დათვებს” უწოდებენ, კრემლის სასარგებლო საქმეს უკვე თითქმის 15 წელია ასრულებენ. ისინი ტეხავენ დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებების ვებგვერდებს, იპარავენ მონაცემებს და ერევიან არჩევნებში.

სავარაუდოდ, მათი ბოლო მსხვერპლი საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური მედია გახდა.

26 იანვარს, კიბერთავდასხმა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის, ტელეკომპანიების “ფორმულასა” და “მთავარი არხის”, და არასამთავრობო ორგანიზაცია “სოვლაბის” ვებგვერდებზე.

პრეზიდენტის ვებგვერდი რამდენიმე საათი იყო გათიშული. მთავარ გვერდზე ჩანდა წარწერა “დაჰაკულია ბუნჩულა დათვის მიერ. გაუმარჯოს რუსეთს” (Hacked by Cozy Bear Slava Russia).

ამის შესახებ პირველმა დაწერა გამოცემა პუბლიკამ, რომელსაც სქრინი მისმა მომხმარებელმა მიაწოდა.

DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება.

კიბერთავდასხმები კრემლის ჰიბრიდული არსენალის ერთ-ერთი საყვარელი იარაღია. ამ იარაღის ყველაზე ცნობილი გამომყენებელი კი ორი ჰაკერული დაჯგუფებაა. ერთს “ბუნჩულა დათვი” ჰქვია, მეორეს - “ელეგანტური დათვი”.

ინტერნეტუსაფრთხოებაზე მომუშავე რუსული კომპანიის, კასპერსკის თანახმად, “ბუნჩულა დათვი” კრემლისთვის არასასურველ ხელისუფლებებს და დიპლომატებს 2010 წლიდან ესხმის.

საქართველოს პრეზიდენტის საიტი მალევე ამუშავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმავე დღესვე თქვა, რომ გამოძიება დაიწყო.

რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის და “მთავარი არხის” ვებსაიტის სქრინები ეთიკურ ჰაკერს გაუგზავნა, რომელიც ანონიმურობის პირობით გვესაუბრა.

დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ჰაკერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პრეზიდენტისა და მთავარი არხის ვებსაიტები არა “ბუნჩულა დათვს”, არამედ ვინმე “მოყვარულს” გაეტეხა.

მას ეუცნაურება, რომ გატეხილი საიტის სქრინები ინტერნეტში არავის გაუზიარებია.

“თუკი ამას არსად არ განიხილავენ, ესე იგი ჰაკერები ჩაფლავდნენ, რადგან მათ გატეხეს საიტი, დატოვეს შეტყობინება, ის კი არავის შეუმჩნევია”.

“თუკი სრული წვდომა მაქვს სამაუწყებლო კომპანიის ვებსაიტზე, რატომ არ ვიყენებ მას? რატომ არ ვცვლი საიტს უფრო შესამჩნევად, ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წასაწევად?” - მოგვწერა მან.

ბოლო მასშტაბური თავდასხმა ქართულ ვებსაიტებზე 2019 წელს მოხდა. ჰაკერებმა მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე (მათ შორის, პრეზიდენტის) საიტზე გამოჩნდა.

“რადიო თავისუფლება”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა