პორტუგალიაში ხელოვნურ ინტელექტს ციხეების მართვაში გამოიყენებენ
პორტუგალიურმა კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის (Artificial intelligence-AI) გამოყენებით ციხეების მართვის პროგრამა შექმნა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
AI-ს პროგრამა კრიმინალის დაკავების მომენტიდან პატიმრის რეაბილიტაციამდე სისხლის სამართლის საკითხებში გადაწყვეტილების მიღებას ეხმარება.
ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს, რომელ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ან საკნებში უნდა მოთავსდნენ დამნაშავეები. პროგრამა კონფლიქტის ალბათობის შესამცირებლად და პატიმართა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს.
მას, ასევე, შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად არის მიდრეკილი მოცემული პატიმარი რეციდივის, ძალადობისა და თვითმკვლელობისკენ.
დღეისთვის პროგრამა პირველ „საველე“ ტესტირებას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადის, რომლის სახელწოდებაც არ სახელდება.