ადამიანური სამუშაო ძალა ჯერ კიდევ ბევრად იაფია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი - MIT
კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირება და ექსპლუატაცია სამუშაო ადგილების მხოლოდ 23%-ზე იქნება მიმზიდველი, სხვა შემთხვევებში კი ჩანაცვლება მათ ადამიანის დასაქმებაზე ბევრად ძვირი დაუჯდებათ. ამის შესახებ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ახალ კვლევაში წერია, სახელწოდებით „AI-ს ზეგავლენის მიღმა“ (Beyond AI Exposure), რომელიც პროდუქტიულობის ინსტიტუტთან და IBM-ის ბიზნესღირებულების ინსტიტუტთან ერთად ჩატარდა.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ დღევანდელი ხარჯებით აშშ-ის ბიზნესს არ უღირს ამოცანების უმეტესი ნაწილის ავტომატიზაცია, რომლებზეც AI-ს აქვს ზეგავლენა. ამ ამოცანების შესრულებისთვის მუშახელის ხელფასის მხოლოდ 23% იქნება მიმზიდველი ავტომატიზაციისთვის,“ - წერენ მკვლევარები.
მათ აშშ-ის ბაზარზე სხვადასხვა საქმიანობის ავტომატურ რეჟიმზე გადაყვანის ხარჯთეფექტურობა პოზიციის ხელფასების გათვალისწინებით დათვალეს. კვლევა სხვადასხვა სააგენტოს და კომპანიის მზარდი განცხადებების ფონზე ჩატარდა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური რესურსის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, მსოფლიოში 40%-მდე სამუშაო ადგილებზე მოახდინოს გავლენა, რაც უფრო განვითარებულ ეკონომიკაში პოტენციურად 60%-მდე გაიზრდება. ასევე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების, თითქმის, 75% გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვას მოელის, რომ სამუშაო ადგილების მოსალოდნელი შემცირების ფონზე AI ჰუმანოიდული და ინდუსტრიული რობოტების შემდეგ გამოიყენოს.
MIT-ის კვლევა 800 პოზიციას შეეხო და 1000-ზე მეტი სამსახურებრივი ამოცანა გააანალიზა, რომლის დროსაც ამოცანების მხოლოდ 3%-ის ავტომატიზაცია აღმოჩნდა ხარჯთეფექტური. თუმცა, კვლევის პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 40%-მდე გაიზარდოს.
AI-ით ადამიანის ჩანაცვლება ყველაზე ხარჯთეფექტური საცალო ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების, ასევე, ჯანდაცვის სექტორებში იქნება.
„ხელოვნური ინტელექტის გავლენა თანდათანობითია და არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ის საბოლოოდ, ადამიანთა სამუშაო ადგილებს მოიცავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ხარჯები შემცირდება ან ის სერვისის პლატფორმებით განვითარდება, რომლებსაც უფრო დიდი მასშტაბები აქვს. AI-ს განვითარებით სამუშაო ადგილები მოსალოდნელზე ნელა დაიკარგება. სამუშაო ძალის ჩანაცვლება იქნება ეტაპობრივი და არა მკვეთრი პროცესი,“ - წერენ მკვლევარები.
წყარო : bpn.ge