ვენეციის არხებში გახშირებული ავარიების გამო სიჩქარის მზომ კამერებს დააყენებენ
ვენეციის არხებში ბოლო დროს გახშირებული ავარიების გამო სიჩქარის მზომ ჭკვიან კამერებს დაამონტაჟებენ. როგორც ცნობილია, ძირითად არხებში ნავების გადაადგილების დასაშვები სიჩქარის ზედა ზღვარი 6.5 კმ/სთ იქნება, ხოლო მცირე ზომის არხებში 4.8 კმ/სთ.
გავრცელებული ინფორმაციით, კამერები არხების მთელ სისტემას მოიცავს და მისი მიზანია სერიოზული ავარიების მინიმიზება. დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში ნავის მფლობელებს ჯარიმა დაეკისრებათ.
დეპუტატი მარტინა სემენზატოს თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ძალაში შესასვლელად პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
"ცვლილება მოიცავს სპეციფიკურ სიჩქარის კამერებს, რომელსაც Barcavelox ეწოდება. ის გააკონტროლებს და დააფიქსირებს ნავების სიჩქარეს ქალაქში" - თქვა მარტინა სემენზატომ.
ვენეციის ცნობილი კარნავალი რამდენიმე დღეში იწყება, რა დროსაც ვენეციის არხები ტურისტების სიმრავლის გამო განსაკუთრებით გადატვირთული ხდება.