ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (GIZ)“ მხარდაჭერით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ გასავლელ ეტაპებს, ევროკავშირში შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებულ პროცესებს. ხაზი გაესვა მედიის როლს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში საზოგადოების სწორი მოლოდინების და ობიექტური შეფასებების ჩამოყალიბებაში.
შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად, ევროკავშირის საკითხებში ექსპერტები ეკატერინე ქარდავა და იოსებ ნანობაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სხვადასხვა დროს ევროკავშირის გაფართოებაზე, ევროკავშირში გაწევრების არსებულ გამოცდილებაზე და საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა დისკუსია ევროკავშირში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.