ბრიტნი სპირსმა ჯასტინ ტიმბერლეიკს ბოდიში მოუხადა
ბრიტნი სპირსმა Instagram-ზე ჯიმი ფელონის შოუზე ჯასტინ ტიმბერლეიკის გამოსვლის ვიდეო გამოაქვეყნა და ყოფილ ბოიფრენდს ბოდიში მოუხადა.
„მინდა ბოდიში მოვიხადო გარკვეული რაღაცებისთვის, რაც ჩემს წიგნში დავწერე. ძალიან ვწუხვარ, თუ ვაწყენინე ვინმეს, ვინც ჩემთვის სულერთი არ არის. ასევე, მინდა ვთქვა რომ შეყვარებული ვარ ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალ სიმღერაზე Selfish“, - წერს სპირსი და აღნიშნავს, რომ ტიმბერლეიკის კიდევ ერთი კომპოზიცია Sanctified-იც მოეწონა.
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერკლეიკი ერთად 1999-2002 წლებში იყვნენ. მათი რომანი მაშინ დაიწყო, როცა ბრიტნი 17-ის, ჯასტინი კი 18 წლის იყო.
რამდენიმე თვის წინ, სპირსმა ავტობიოგრაფია გამოუშვა, რომელშიც წერდა, რომ ტიმბერლეიკმა მათი რომანის დროს მას ორსულობის შეწყვეტა აიძულა. ამის გამო ტიმბერლეიკის რელიზმა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ბრიტნი სპირსის თაყვანისმცემლებს შორის.
Selfish პირველი სიმღერაა, რომელიც ტიმბერლეიკმა სპირსის მემუარების გამოსვლის შემდეგ გამოსცა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს კომპოზიცია ამავე სახელწოდებით თავად სპირსმაც ჩაწერა. ბრიტნის აღშფოთებულმა თაყვანისმცემლებმა ტიმბერლეიკის სიმღერის გამოსვლის შემდეგ სტრიმინგ-სერვისებზე სპირსის Selfish-ის მოსმენა დაიწყეს, რათა ძველმა სიმღერამ ჯასტინის ახალ კომპოზიციას ჩარტებში გადაუსწროს.