რა პირობებით დაუსუბსიდირდებათ სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი?
მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია და წყალი დაუსუბსიდირდება. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი და უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე.
დადგენილების თანახმად, ელექტროენერგია დაუსუბსიდირდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახებს(გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომლის სარეიტინგო ქულა 70 000-ის ტოლია ან ნაკლებია. მათ შემთხვევაში სუბსიდიის თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 1 კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით.
ყოველთვიურად 1 კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით თანხა ოჯახებს, შემდეგი პირობებით დაუსუბსიდირდება:
1. სუბსიდირება მოხდება არაუმეტეს 200 კვტ/სთ-ის ელექტროენერგიისა
2. 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;
3. 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.
გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის იანვრის თვიდან 2024 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისთვის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ის და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით დაუსუბსიდირდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასური, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.“.
დადგენილება ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
რა თანხა დაიხარჯა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე 2023 წელს და დაახლოებით, რა თანხებია ბიუჯეტში გაწერილი წელს - ამ კითხვებით BM.GE-მ ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 16 იანვარს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.