დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება. თეთრი სახლის ექსლიდერი, ნობელის პრემიაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა კლაუდია ტენიმ უნდა წარადგინოს.
„დონალდ ტრამპმა ხელი შეუწყო შუა აღმოსავლეთში პირველი ახალი სამშვიდობო შეთანხმებების დამყარებას თითქმის 30 წლის განმავლობაში. ათწლეულების მანძილზე ბიუროკრატები, საგარეო პოლიტიკის „პროფესიონალები“ და საერთაშორისო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამშვიდობო შეთანხმებები შეუძლებელი იყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე.
პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. ჩემთვის პატივია ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დასახელება და მსურს, რომ მან მიიღოს ის აღიარება, რასაც ის იმსახურებს“, - აცხადებს კლაუდია ტენი.
ინფორმაციისთვის, საუბარია ისრაელ-საამიროების სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ანუ აბრაამის შეთანხმებაზე.
2020 წელს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე.
Fox News აღნიშნავს, რომ ტრამპი რამდენჯერმე იყო წარდგენილი აბრაამის სამშვიდობო შეთანხმების ჯილდოზე, მაგრამ არასოდეს მიუღია ჯილდო მისი პრეზიდენტობის დროს.