გიჟი უნდა ვიყო, რომ ჩემი მეილით ტერორიზმის შემცველი შეტყობინება გავაგზავნო - ბექა ვარდოსანიძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ალტ-ინფოს წევრის ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა.
როგორც ვარდოსანიძემ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს.
ვარდოსანიძის თქმით, პირი, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა ის ადამიანი იყოს, რომელმაც პრივილეგიები დაკარგა და „გამწარებულია“.
“მე არაფერი მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ვეღარ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს, ვისაც პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე პრივილეგიები დაკარგა და შეიძლება გამწარებული იყოს. ცოტა სასაცილოა, ჩემი სამუშაო მეილიდან, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ხდება მეილების გაგზავნა. გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილით, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ასეთი შეტყობინება გავაგზავნო და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა”, - განაცხადა ბექა ვარდოსანიძემ.
ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის, სერგო ხურციძის თქმით, ვარდოსანიძის ელექტრონული პოსტიდან შეტყობინებები გაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თითქოს ბომბი იყო კლუბ “ბასიანში”და ასევე სხვადასხვა ადგილებში.
“ამასთან დაკავშირებით მოხდა ბექას გამოკითხვა. მთლიანი ტექნიკა ჩამოართვეს და ისეთი ტექნიკაც, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს. მიმდინარეობს გამოძიება. კიდევ მოგვიწევს აქ მოსვლა და შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებში მივიღებთ მონაწილეობას”, - განაცხადა სერგო ხურციძემ.
ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ვერ დადგინდა, თუ საიდან იყო ელექტრონული ფოსტა გაგზავნილი.