თეგებით ძიება
01. 02. 2024 პერსონა

ბავშვების სახით ყველაზე გულწრფელი მაყურებელი გვყავს... მათთან ურთიერთობით უზარმაზარ ენერგიას ვიღებ - თათია ბაქრაძე

 „თოჯინების თეატრს  ბავშვების სახით ყველაზე გულწრფელი მაყურებელი ჰყავს...“ - ამბობს TIA.GE-სთან ინტერვიუში თოჯინების თეატრის მსახიობი, თათია ბაქრაძე, რომელიც ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა და, როგორც თვითონ ამბობს, სხვა პროფესიაზე არც უოცნებია.

ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, რადგან ხელოვანი ადამიანების ოჯახში ვიზრდებოდი. მეც ვოცნებობდი სცენაზე ვმდგარიყავი და ეს ოცნება რომ რეალობად მექცია, ამიტომ ჩავაბარე სამსახიობოზე. მინდა გითხრათ, რომ სხვა პროფესიაში ჩემს თავს ვერ ვხედავ.

- ასე გამოდის, შენი პროფესიული არჩევანი ოჯახმა განაპირობა...

ვხუმრობთ ხოლმე ამაზე, ირგვლივ ყველა მსახობი მყავს, ჩემი და-ძმაც მსახიობია და მამა კი რეჟისორი იყო, როგორც ხდება ბავშვი რასაც ხედავს შემდგომ ის არეალი ეჩვენება მას ყველაზე ორგანულად... ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა... სხვა რამეზე ვერც ვფიქრობდი... ჩემი არჩევანის სისწორეში კიდევ ორმა ადამიანმა - გივი სარჩიმელიძემ და შოთა ცუცქირიძემ დამარწმუნა. ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი არჩევანი ოჯახმა და გარემომ განაპირობა... 

- ყოფილა თუ არა ისეთი როლი, რომელზეც მუშაობა გაგიჭირდა, ან ფიქრობ რომ ამ როლს არ უნდა დათანხმებოდი ?

- სიმართლე გითხრათ ასეთი შემთხვევა არ მქონია... თუმცა შემიძლია ვთქვა, თუ ვიღაც „ჯულიეტას“ ან „ოფელიას“ თამაშზე ოცნებობს, მე  „ლედი მაკბეტის“ ან „დორას“ (კამიუს პიესა) თამაში მირჩევნია... ძლიერი ქალები ყოველთვის უფრო მაძლევენ მეტის თქმის საშუალებას. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ ყოფილა როლი, რომელიც მინანია ან მუშაობის პროცესი გამჭირვებია.

- როგორი შეგრძებაა თოჯინების თეატრის მსახიობობა? ბავშვები როგორი მაყურებლები არიან?

ძალიან მაგარი შეგრძნებაა, რადგან ბავშვების სახით ყველაზე გულწრფელი მაყურებელი გვყავს... სპექტაკლის ბოლოს გახარებულები მოდიან, გეხუტებიან და ამით საოცარ ენერგიას გაძლევენ... შეიძლება ითქვას, რომ მათთან ურთიერთობით ვივსები და რასაც სპექტაკლში თამაშისას ვხარჯავ, ასჯერ იმაზე მეტ ემოციას ვიღებ. 

- გაქვს თუ არა შემოთავაზებები სხვადასხვა ფილმებიდან-სერიალებიდან ?

-ამ ეტაპისთვის თეატრში ვარ სრულად, თუმცა არ გამოვრიცხავ, როგორც ადრე, ამ კუთხითა ავმოძრავდე.

- რას ეტყოდი ქართველ მაყურებელს ? 

-მაყურებელს ვეტყოდი, რომ ხშირად იარონ თეატრში, რადგან ბევრს ნიშნავს თეატრიდან მიღებული ემოცია და ესთეტიკა... ასევე, ვურჩევდი მშობლებს, რომ ბავშვები ხშირად ატარონ თეატრში, რადგან ისინი ძალიან ბევრს ისწავლიან თეატრიდან და უფრო გონიერები, ლაღები, დადებითები გაიზრდებიან... 

ავტორი : ნინო სილაგაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა