რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე?
დღეს "ქართული ოცნების" ყრილობაზე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. მომდევნო კვირაში მისი ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული ახალი მინისტრთა კაბინეტი სამთავრობო პროგრამასთან ერთად დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
ირაკლი კობახიძემ უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2023 წელს შეავსო. რომლის მიხედვითაც, ის ფლობდა 158 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას წყნეთის გზატკეცილის ნომერ 56-ში, რომელიც 2016 წელს ჩუქების გზით მიიღო. ასევე, ამავე ტერიტორიაზე 20 კვადრატული მეტრის ფართის ავტოფარეხს, რომელიც ასევე ჩუქების გზით მიიღო.
ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი კობახიძეს სხვა უძრავი ქონება მითითებული არ აქვს. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, დოკუმენტის მიხედვით მან 2020 წელს 20 ათას დოლარად შეიძინა 2014 წელს გამოშვებული Mercedes-Benz S Class-ი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ირაკლი კობახიძე ანაბრის სახით ინახავს 40,000 დოლარს, ასევე 10,000 ლარს. ამასთან, ირაკლი კობახიძე მიუთითებს, რომ ნაღდი ფულის სახით 20,000 დოლარს ინახავს, რაც ანაბრიდან გატანილ თანხას წარმოადგენს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრის ხელფასის სახით 61,168 ლარის შემოსავალი მიიღო. თსუ-ში მისი, როგორც სამართლის პროფესორის ანაზღაურებამ კი 13,989 ლარი შეადგინა.
ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ნატალია მოწონელიძე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეა. ამ პოსტზე მან ირაკლი კობახიძეზე მაღალი 77,616 ლარის ანაზღაურება მიიღო. პარალელურად, ნატალია მოწონელიძე თსუ-შიც ასწავლის, სადაც პერიოდის განმავლობაში 11,472 ლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძის ოჯახის მთლიანმა შემოსავალმა 164,245 ლარი შეადგინა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი კობახიძემ წლის განმავლობაში შვილების სწავლის საფასურის სახით 18,302 ლარი გადაიხადა.
წყარო: bm.ge