ლირა რეკორდულად გაუფასურდა – რა ხდება თურქეთში?
თურქეთში ეკონომიკური ვითარება რთულდება - როგორც ჩანს, ქვეყანაში ინფლაცია ვერ დაიძლია და სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებელმა გასულ თვეს 64.8%-ს მიაღწია. გაცილებით უარესი ვითარებაა საბაზისო ინფლაციასთან (Core CPI) მიმართებით, რომელმაც 70.6% შეადგინა.
დაუძლეველი ინფლაციის ფონზე, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. ამჯერად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 30.4 ლირას მიაღწია, რაც ახალი ანტირეკორდია.
გაუფასურების ტენდენციის შესაჩერებლად და ინფლაციის მოსათოკად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 250 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 45%-ს მიაღწია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამომხმარებლო ფასების გარდა, გაზრდილია პროდუქციის საწარმოო ხარჯებიც, უფრო კონკრეტულად, ინდექსის ზრდის მაჩვენებელი წლიურად 50%-ს შეადგენს; ტრანსპორტირების ხარჯები 77%-ითაა გაზრდილი; კომუნალური ხარჯები კი წლიურად 40%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9%-მდე გაიზარდა, რა თითქმის 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ამ ყელაფრის ფონზე, ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის ტემპი მომავალშიც დაჩქარდება, რაც თურქეთის ეკონომიკის მიმართ ინტერესის შემცირებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.
თავად ინფლაცია პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებებთან და ცენტრალური ბანკის არატრადიციულ მონეტარულ პოლიტიკასთან, რომელსაც ის 2022-23 წლებში ატარებდა და რომელმაც ინფლაცია სამნიშნა მაჩვენებლამდე გაზარდა. მართალია, „ერდოღანიზმი“ ეტაპობრივად სრულდება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში დაგროვილი ინფლაციური წნეხი ჯერაც არ აჩვენებს გაგრილების ნიშნებს.
წყარო: bm.ge