„ჯარიმა 65 000-იდან 100 000 ლარამდე იზრდება“ - ნახეთ ახალი გადაწყვეტილება
შავი ზღვის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმა 65 000-იდან 100 000 ლარამდე იზრდება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება - 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით.
ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყით სარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას", - განაცხადა შამუგიამ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა.