„ეს ყველაზე მაგარი იდეაა, რომლის ძიებისთვის ცხოვრებაც ღირს და სიკვდილიც“ - ინტერვიუ გია ნიკოლაძესთან
ჩვენი რესპონდენტი მომღერალი, მუსიკოსი, რეჟისორი და პოეტია, რომელიც ქართულ სიტყვებში ჩადებული ფარული აზრის ამოცნობას ცდილობს და მსოფლიოში სისხლისღვრის შეწყვეტაზე და დედამიწაზე დატკბობაზე ოცნებობს. როგორ „უბერავს“ "ნიკოლშოუს" შემქმნელი და სულისჩამდგმელი, ამის გასარკვევად TIA.GE გია ნიკოლაძეს დაუკავშირდა.
- როდის მიხვდით, რომ შემოქმედი ხართ და არა მათემატიკოსი ან არქიტექტორი?
- ბავშვობაში. დაახლოებით, 3 წლიდან ყველა ინსტრუმენტზე დაკვრას ვცდილობდი. რეჟისორობაც ბავშვობიდან მინდოდა, რადგან მამა რეჟისორი მყავს, მაგრამ იმ წელს მიღება არ იყო და ვერ ჩავაბარე. საბჭოთა ჯარისთვის თავი რომ ამერიდებინა, უნივერსიტეტში, ფილოლოგიურზე ჩავაბარე.
- როგორც ვიცი, სიმღერების წერა მოგვიანებით დაიწყეთ. იქნებ გვითხრათ ამისკენ რამ გიბიძგათ?
- 40 წლის ასაკში ჩემთან უცნაური ჩიტი მოფრინდა - სხეული მერცხალს მიუგავდა, მზერით კი მიმინო იყო. ეს ნამგალა მერცხალი იყო, რომელიც ადამიანებთან არ ცხოვრობს. ამ დღიდან დავიწყე წერაც და მუსიკის შექმნაც. ხუთი ღამის განმავლობაში ვწერდი პოემას "ქართ ზღაპარი ანი-ბანი" და ყოველ დილით საკუთარ ნაწერს ვერ ვცნობდი - თითქოს სხვა მაწერინებდა.
- რამე ისტორიას ხომ არ გაიხსენებთ, რომელიც თქვენი სიმღერის შექმნას უკავშირდება?
- ისტორია თითქმის ყველა სიმღერას აქვს, მაგრამ ახლა დედამიწის სიმღერაზე გიამბობთ. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი გადაცემიდან ჩემი მეგობრები მოვიდნენ. გადაცემაში რუბრიკა იყო, სადაც ხელოვან ადამიანებს კითხვებს უსვამდნენ და ჩანახატივით აკეთებდნენ. ჩემთან რომ მოვიდნენ, ჩანახატის მაგივრად დედამიწაზე სიმღერა გავაკეთე თავისი კლიპით. ნამგალა მერცხლის მოფრენის შემდეგ თითქოს საკუთარ თავს მივაგენი და აღმოვაჩინე, რომ დედამიწა უფალია. მინდა და ვაპირებ თვეში ერთხელ დავაწესოთ დღე, როდესაც სასაკლაოები შეწყვეტენ ცხოველების დაკვლას და მსოფლიოს ყველა კუთხეში სისხლისღვრა და საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
- ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
- ამას ხელოვანი ადამიანები გავაკეთებთ. საქართველოს ხელოვანი ადამიანები დაუკავშირდებიან სომხეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. კავკასიიდან დავიწყებთ და ყველას გავიერთიანებთ, სანამ მთელი მსოფლიოს 230-ვე ქვეყანას არ ჩავრთავთ. მერე ერთად გადავწყვეტთ, თვეში ერთხელ იქნება თუ წელიწადში ერთხელ დღე სისხლისღვრის გარეშე, როდესაც დედამიწაზე სისხლის დაღვრის ნაცვლად, შაქარი დაიყრება. ამ თემატიკაზე სპეკტაკლებს დავდგამთ, ფილმებს გადავიღებთ, ნახატებს დავხატავთ, ლექსებს და სიმღერებს დავწერთ, რომ დედამიწა ზემგრძნობიარე სხეულია, რომელიც ინსულინის კომაშია. ინსულინი სისხლია, სისხლი ინსულინს შეიცავს და დედამიწას ინსულინის მიწოდება უნდა შეუწყდეს, რომ შაქარი მივაწოდოთ. ვისაც შაქრის დიაბეტი აქვს და ინსულინის კომაშია, თუ ინსულინს აღარ გავუკეთებთ და ენაზე შაქარს მივადებთ, კომიდან გამოვა. დედამიწასაც ასე უნდა მივუდგეთ - ინსულინის მიწოდება ანუ სისხლისღვრა შევწყვიტოთ და შაქარი მივაწოდოთ. აი, ასეთი ფესტივალის გაკეთება გვინდა და ამას წელს ვიწყებთ.
- მგონია, რომ კეთილ მეზღაპრეს ვუსმენ..
- ასეცაა.
- „ნიკოლშოუს“ შექმნის იდეა როდის გაგიჩნდათ?
- 2000 წელს გამიჩნდა სერიალის გაკეთების იდეა, სადაც მუსიკოსები იკრიბებიან, რომ კორუფცია დაამარცხონ. „შესანიშნავ შვიდეულში“ ბოროტი ძალის დასამარცხებლად რომ იკრიბებიან, დაახლოებით ასე. ისე მოხდა, რომ სერიალი არ განვითარდა, მაგრამ შეკრების იდეა დარჩა. სერიალში ორი რომ შეიკრიბებოდა, მესამეს ეკითხებოდა - აბა, შენ როგორ უბერავო და თავის სტილში უკრავდა. მერე დავწერე სიმღერა, რომელიც „ნიკოლშოუმ“ იმღერა და ასე შედგა.
- ძმები ნიკოლაძეები რით ჰგავხართ და განსხვავდებით ერთმანეთისგან?
- ძალიან ბევრი რამით ვგავართ. ეს მამის გენეტიკაა, იმიტომ, რომ დედები სხვადასხვა გვყავს.
- ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რამეს შეცვლიდით?
- ერთი მხრიდან თუ შევხედავთ, ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, არაფერს შევცვლიდი, იმიტომ, რომ სხვანაირად იმას ვერ გავაკეთებ, რაც ახლა უნდა გავაკეთო. ეს არის დედამიწის დატკბობა და ალის გამოწვევა... სიტყვები გავშიფრე და აღმოვაჩინე, რომ სიტყვები: წყ-ალი, უფ-ალი, სამართ-ალი, ქ-ალი, მერცხ-ალი, ქ-ალი და უამრავი სხვა სიტყვა ღვთიურ ალს შეიცავს, რომელმაც საბოლოოდ უნდა განწმინდოს და გააერთიანოს ქართველები. ეს ის ალია, რომელმაც ქრისტეს ფერი უცვალა, წყალი ღვინოდ გადააქცევინა, თევზი გაუმრავლა, ზღვაზე ფეხით გაატარა, ანუ მას ნატვრისთვალივით, ნატვრის მატერიალიზება შეუძლია. ეს ალი მარცვ-ალი-ს სახით, ყველა უფ-ალ-შია. ალაჰი, კალი (ინდოელების ქალღმერთია), კალიჯო (კატმანდუელების ქალღმერთი) სვანებს დალი ჰყავთ. უფალს ყოველთვის ვთხოვთ, უფ-ალო შემიწყ-ალ-ე. ჩვენში წყალი არის 70%, დედამიწაში წყალი არის 70%. როგორც იოანე ზოსიმემ თქვა, „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად“. სწორედ ამ საიდუმლოს მივაგენი. მარცვალში ალ ა - პირველი ასოა, ლ - მეთერთმეტე სამი ერთიანია, სამება! ქრისტე პირდაპირ გვიხსნის ამ ალთან ურთიერთობას. როგორი განწყობა უნდა გქონდეს იცი? ამაყი თუ ხარ, არ მოვა. მონანიების მდგომარეობაში უნდა იყო, რომ მოვიდეს. სწორედ ასე ვიყავი, როცა ჩემთან მოვიდა. ახლა ვეძებ და ვეღარ ვპოულობ... აღარ მოდის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდევ გამოჩნდება და რომ გამოჩნდება, რომ ამობრწყინდება, ახალი ეპოქა დაიწყება. ეს ახალი სინამდვილეში ძველი და კარგად დავიწყებული ეპოქაა. ჭეშმარიტებაა, როდესაც ყველა მიხვდება, რომ გარდაცვალების მერე დედამიწას ებარება და მასზე ახლობელი არავინ ჰყავს, ყველა მიხვდება, რომ წყალის სახით, ღმერთის ნაწილს დაატარებს და წყალს თუ ალი მოემატა და გაბრწყინდა, ჩვენც გონება გაგვიბრწყინდება. ამის შემდეგ ადამიანის მსოფლმხედველობა მთლიანად შეიცვლება და ახალი, ღვთიური ენა დაბრუნდება, რომელსაც ტელეპატური ენა ერქვა. ბოლო-ბოლო უტოპისტური იდეები თუ არსებობს, ეს ყველაზე მაგარი იდეაა, რომლის ძიებისთვის ცხოვრებაც ღირს და სიკვდილიც.
- საუბრის ბოლოს, იქნებ თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბოთ?
- 29 თებერვალს ვიწყებთ ფესტივალის აგორებას და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა იმიტომ, რომ ალი მოვა.
- წარმატებას გისურვებთ.