დაშინება და დატოლებაა, რადიკალებს უგორებენ კოჭს, სტალინზე მიყენებული შეურაცხყოფას არ ვნანობ - ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. სამოქალაქო აქტივისტი ხუთი დღით საკანში დარჩება. სადამსჯელო სპეცოპერაცია შედგა. ქალი, რომელიც პოლიციას ჩალაგებული ბარგით სახლში ელოდებოდა, ჯერ სამართალდამცველებმა დიდ ალყაში მოაქციეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და ბოლოს საპატიმროში წაიყვანეს.
ნატა ფერაძე სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მის ინტერესებს საია დაიცავს.
აქტივისტი ამბობს, რომ მისი დაკავებით "ოცნება" რადიკალებს უგორებს კოჭს.
"5 დღე გავძლებ ციხეში და ეს არის სახადი, რასაც ვიხდი ამ ბანძ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის. ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, საია მიდგას გვერდში. ამას გავასაჩივრებთ. მხნედ ვარ. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც სუფთა ფურცხლების გამო დააპატიმრა ხალხი. რასაც უნდა იმას აკეთებენ. ამ მუხლს აქვს აქვს ეს ზომა, მაგრამ გადაჭარბებულია, რაის 5 დღე პატიმრობა კვერცხის სროლისთვის, მაგრამ, ნუ მოკლედ, გავსაჩივრებთ, კანონიერადაც ბოლომდე მივყვებით. ეს დაშინება და დატოლებაა, გუშინ რომ ჰყავდათ ზურა მახარაძე დაჭერილი, იმათაც უგორავენ კოჭს, რომ აი ეკლესიის მტერსაც ვაკავებთ, მე არ ვარ ეკლესიის მტერი, სტალინის მტერი ვარ. სტალინმა ამოგვხოცა, ეს არის სტალინზე მიყენებული შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვნანობ არცერთი წამით", - ამბობს ნატა ფერაძე.