რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია - ფინეთის პრემიერ-მინისტრი
რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ორპოს თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს სხვადასხვა სასაზღვრო რეგიონებში მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქე იმას ელის, რომ ფინეთში არალეგალურად მოხვდეს.
ასეთ ვითარებაში, ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
„გასაგებია, რომ საზღვრების გახსნა არ შეგვიძლია. ერთდროულად ამასთან ნებისმიერი არალეგალური შემოსვლის წინააღმდეგ ზომები უნდა მოვამზადოთ…
მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება. მაგრამ მთავარი პრინციპი იმაშია, რომ ფინეთის საზღვრების უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. ეს პირველ ადგილზეა”, - განაცხადა ორპომ.
ცნობისთვის, პირველად ფინეთ-რუსეთის საზღვარი 2023 წლის ნოემბერში ჩაიკეტა. იანვარში ფინეთ-რუსთის საზღვარი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა არალეგალურად გადაკვეთა, რის შემდეგაც ფინეთში თავშესაფარი მოითხოვეს. ამ მომენტისთვის, ფინეთში რუსეთიდან შესულ არც ერთ თავშესაფრის მაძიებელს დადებითი პასუხი არ მიუღია.