ისრაელის დარტყმას სირიაში ირანის ძალების მრჩეველი ემსხვერპლა
2 თებერვალს ირანულმა მედიებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მრჩეველი სირიაში, დამასკოს მახლობლად ისრაელის იერიშს ემსხვერპლა. აქამდე სირიის სამთავრობო მედია ავრცელებდა ცნობას, რომ მათ ისრაელის ნასროლი რაკეტები მოიგერიეს. მოკლული კაცის სახელი და გვარი საიდ ალიდადია. მედიებს არ დაუსახელებიათ მისი ზუსტი წოდება და რანკი.
სირიაში ირიანის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ "სიონისტურ რეჟიმს" თავდასხმისთვის პასუხს გასცემს.
აქამდე, 1-ელ თებერვალს Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ირანი სირიიდან რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლების გაყვანას აპირებდა
ისრაელმა იერიშით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მრჩეველი გასული წლის ბოლოსაც მოკლა. სეიედ რაზი, რომელიც მაშინ დარტყმას ემსხვერპლა, წარსულში დაახლოებული იყო ელიტური ყუდსის ძალების მეთაურთან, გენერალ ყასემ სოლეიმანისთან, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ს დარტყმის შედეგად ერაყში მოკვდა.