„მინდა სიცოცხლე“ - თბილისში ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა
საქართველოს პარლამენტთან ჩატარდა აქცია, რომლის მონაწილეებიც ონკოპაციენტების ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსებას მოითხოვდნენ და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით.
„ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ მათი დიაგნოსტიკისათვის საჭირო სერვისები სახელმწიფომ დააფინანსოს. სახელმწიფოსგან ვითხოვთ წამლების დეფიციტის დარეგულირებასაც. ეს მუდმივი პრობლემაა ონკოლოგიური პაციენტებისთვის“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ.
აქციის მონაწილეების თქმით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 25 000 ლარიანი ლიმიტი პაციენტებს არაფერში არ ჰყოფნით.
„ჩვენ ერთად შევძლებთ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, თუ სახელმწიფო ხარვეზებს სწრაფად გამოასწორებს“ - თქვა გვანცა აფხაიძემ.