თეგებით ძიება

პირველად 60 წლის შემდეგ, აფხაზეთის წყლებში გადაშენების პირას მყოფი თევზი აღმოაჩინეს

აფხაზეთის წყლებში პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეებმა თევზი, რუხი ზურგრქოსანა (Balistes capriscus) აღმოაჩინეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ სამეცნიერო ცენტრის აზოვ-შავი ზღვის აუზის იქთიოფაუნის შემსწავლელი სექტორის ხელმძღვანელმა, დანილ ბუხმინმა განუცხადა.

„სოხუმში რუხი ზურგრქოსანას დაჭერის შემთხვევა დაფიქსირდა. ის პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეების ადგილობრივმა ბრიგადამ დაიჭირა და გაათავისუფლა,“ - აცხადებს ბუხმინი.

რუსი მეცნიერის ვარაუდით, თევზი, რომლის ბინადრობის არეალი ატლანტის ოკეანეა, შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის მხრიდან სოხუმის ყურეში შემთხვევით მოხვედრილიყო.

„ის იშვიათი სახეობაა, ამიტომ მისი მიგრაცია მეზობელი სოჭის წყლებში ნაკლებად სავარაუდოა,“ - აცხადებს ბუხმინი.

ექსპერტმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუხი ზურგრქოსანა, მასში ტოქსინების არსებობის გამო, არ იჭმევა, თუმცა ტოქსინების ეს დონე ადამიანის სიკვდილს არ იწვევს. ბუხმინის თქმით, თევზი ბოლოს ყირიმში, 1968 წელს, აფხაზეთში კი უფრო ადრეც აღმოაჩნეს.

რუხი ზურგრქოსანა სხივფარფლიანი თევზების სახეობას განეკუთვნება, რომელიც აღმოსავლეთ ატლანტიკაში, ევროპისა და აფრიკის სანაპიროებთან ბინადრობს. თევზის ასაკი შესაძლოა, 13 წელს შეადგენდეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რუხი ზურგრქოსანა გადაშენების პირას იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა