ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ამერიკის მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.
„საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს როლი განსაკუთრებულია. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, არამედ მთლიანად რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შეერთებულ შტატებთან ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ელჩთან შეხვედრისას ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ამერიკის ელჩის შეფასებით, კომიტეტის თავმჯდომარესთან პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და კონკრეტულად ჩვენი უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთობები. ვფიქრობ, უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს გააგრძელოს საქართველოს ნატოში მისწრაფებებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის მხარდაჭერა. მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს პარტნიორობას და ძალიან ვაფასებ იმ როლს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეასრულა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობების განმტკიცებაში“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
ამერიკელი დიპლომატის და კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრას საელჩოს ატაშე, ჯოზეფ ბილბო დაესწრო.