2023 წელს 284 ნარკომოვაჭრე დავაკავეთ - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიო პრობლემაა.
მისი თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და მხოლოდ 2023 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 284 ნარკომოვაჭრეა დაკავებული.
„ეს მსოფლიო პრობლემაა დამერწმუნებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი გვქონდა, 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. როცა იყო 70, 20, 30 წინა წლებში, ვთქვათ 2022-ში იყო 202 და 284.
ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს არ დაკავებულა საქართველოში, არცერთ წელს. ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე საქართველოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება, ალბათ, უფრო კომპლექსური“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინირებულად მუშაობს, იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევები აღმოიფხვრას.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, კანონის გამკაცრება ვერ გადაჭრის სრულად პრობლემას.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.