თეგებით ძიება

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლისაც - იაგო ხვიჩია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლისაც - ველოდები უფრო შერბილებულ რიტორიკას როგორც პრეზიდენტის, ისე “ქართული ოცნების” მხრიდან, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში, პრეზიდენტის დღეს დაგეგმილ მოხსენებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხოლოდ ერთი თხოვნა ექნება, რომ შეწყალებით რამდენიმე ადამიანს ცხოვრება გაუმარტივოს.

“ზოგადად, პოლიტიკურ ნაწილში მაინცდამაინც დიდი მოლოდინით აღსავსე არ ვარ, რადგან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლის აზრიც დაკარგა ვინც არ უნდა იყოს ამ ბრძოლის შემოქმედი. შესაბამისად, მე ველოდები უფრო შერბილებულ რიტორიკას როგორც პრეზიდენტის, ისე “ქართული ოცნების” მხრიდან და საშუალების მიცემას პრეზიდენტისთვის, რომ ნელ-ნელა ამოწუროს თავისი ვადა და გავიდეს პოლიტიკიდან. მე ერთადერთი რჩევა, თხოვნა მექნება პრეზიდენტთან (სხვა, პოლიტიკურ ნაწილზე მასთან საუბარს აზრი არ აქვს) - საკუთარი ვადის დასრულებამდე, რამდენი თვეც დარჩა, იქნებ რამდენიმე ადამიანს ან რამდენიმე ათეულ ადამიანს გაუმარტივოს ცხოვრება და ისარგებლოს მის მიერ ერთხელ უარნათქვამი შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებით. ამდენი წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მიდის ისე, რომ არაფერი გაუკეთებია, არაფერს ტოვებს საზოგადოებისთვის. რამდენიმე ადამიანისთვის მაინც დატოვოს ის, რომ თავისუფლება მიანიჭოს ვადაზე ადრე. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც თავად ჩაიყენა საკუთარი თავი”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩია გამოეხმაურა პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს. მისი თქმით, გუშინ კომიტეტებში ძალოვანი მინისტრებისგან “ძალოვნური სადღეგრძელოები” მოისმინეს, დღეს კი ეკონომიკური გუნდისგან “ეკონომიკურ სადღეგრძელოებს” ელოდებიან.

„გუშინ დავაკვირდით ძალოვანი მინისტრების გასაუბრებას და ფაქტობრივად, ვისმენდით ძალოვნურ სადღეგრძელოებს და დღეს ველოდები, რომ ეკონომიკურ სადღეგრძელოებს მოვისმენთ. რაც შეეხება სიახლეს ქართველი ხალხისთვის, მგონი ამის მოლოდინი გულუბრყვილობაა. კითხვების მეტი რა მაქვს, მაგრამ არავინ პასუხობს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა