გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია, ერთობის პლატფორმა ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი
"ეს არის ის, რასაც გთავაზობთ - შევქმნათ მომავლის ქარტია, ერთობის პლატფორმა - ევროპისთვის. მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მზად არის, ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვდეს პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
მისივე განცხადებით, გამარჯვების ფორმულაზე მუშაობა ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.
„გაფრთხილებთ ყველას - დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა. რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ ამ ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს, იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები, ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიები. საზოგადოებას სჭირდება რეალური მიზანი და ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი. ამისთვის, მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო.
ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ - შევქმნათ მომავლის ქარტია, ერთობის პლატფორმა - ევროპისთვის. მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგის და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
ამ მიზნით, მომავალ დღეებში ვაპირებ, მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. მზად ვარ შევხვდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რადგან წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს. გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.