თეგებით ძიება

„სხვადასხვა ავტობუსში ვზივართ, პატივცემულო. თქვენ რომ მიდიოდით, ჩვენ მოვდიოდით“ – ანა დოლიძე სააკაშვილს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„სააკაშვილმა თქვა რომ ერთმანეთი არ გავაკრიტიკოთო, ჩვენ ვდებთ პირობას რომ არ გავაკრიტიკებთ სხვა პარტიებსო.  ვინ უნდა გაგვაკრიტიკოს, მისი პარტიის დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებს რომ ვასწორებთ, ის ხალხი?! ვინც გასაკრიტიკებელია, ის თუ არა გააკრიტიკე, აფუჭებ საქმეს, კი არ აკეთებ. სხვადასხვა ავტობუსში ვზივართ, პატივცემულო. თქვენ რომ მიდიოდით, ჩვენ მოვდიოდით“, – წერს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა.

“პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.

ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.

პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ,”- წერს სააკაშვილი სოც.ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა