ლუკაშენკომ სამხედროებს სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება მისცა
ბელარუსში სამხედროებს უფლება მიეცათ, რომ სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნან. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
შესაბამისი ცვლილება ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების შიდა წესდებაში შეიტანა.
კერძოდ, ამ წესდების მე-11 პუნქტის მიხედვით, სამხედროებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიეცათ. მოქალაქის დაჭრის ან დაღუპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოს, მაგრამ სამხედრო პირი მიყენებულ ზიანზე პასუხს არ აგებს, თუ იარაღი „საერთო სამხედრო წესდების შესაბამისად იყო გამოყენებული“.
აქამდე წესდებაში ეწერა, რომ სამხედროების მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, იარაღის, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
2020 წლის აგვისტოში ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალოვანმა უწყებებმა მოსახლეობის პროტესტი ჩაახშვეს. ყველაზე ცნობილი ფაქტები იყო რომან ბონდარენკოს დაღუპვა, რომელიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ ცემის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე, ალექსანდრე ტარაიკოვსკი და გენადი შუტოვი მინსკში და ბრესტში გამართული მშვიდობიანი აქციების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.
ამ ფაქტებზე არცერთი პოლიციელი დაკავებული არ ყოფილა. აქციის მონაწილეებს კი, რომლებიც პოლიციამ დააკავა, სასამართლომ გრძელვადიანი პატიმრობები მიუსაჯა.