პედაგოგი ვარ და ჩემს ოთხ მოსწავლეს ეძებენ, იქნებ მოხდეს სასწაული და ცოცხალი ვნახოთ ვინმე - ნერგეეთის მცხოვრები
ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სადაც ღამით მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივები არიან შეკრებილნი. როგორც ერეთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, მეწყერში მისი ოთხი მოსწავლე მოჰყვა.
„პედაგოგი ვარ და მოსწავლეები არიან, ვისაც ეძებენ. საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ბოლო დრომდე ვერ ვამბობ ვერაფერს, იქნებ უფლის წყალობით რამე მოხდეს, ოთხ ბავშვზეა საუბარი. ჩამოსული მასის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ისეთი მდგომარეობაა აქ, რომ გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. იქნებ მოხდეს სასწაული და ცოცხალი ვნახოთ ვინმე“, - ამბობს ადგილობრივი.
ბაღდათში, სადაც მეწყერი ჩამოწვა ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა სოფელ ნერგეეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.