თეგებით ძიება

„ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ – შესაძლოა, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, იქაც კი ჩამოწვეს“

„ჩვენ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად, ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ. იმიტომ რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, მიწის ეროზიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, იქაც კი ჩამოწვეს“,- ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მეწყერის ჩამოწოლამ 4 სახლი მოიყოლა, შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 5-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

როგორც ნინო ჩხობაძე ამბობს, მეწყერსაშიში ზონების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არ ჰყავთ დარგის სპეციალისტები, რომლებიც ამ შეტყობინების წაკითხვას და შესაბამის რეაგირებას შეძლებენ.

ამასთან, „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით, კონკრეტული ორგანიზაცია რისკების თვალსაზრისით, შესაბამის სქემებს ამზადებს, თუმცა პროექტი დასრულებული არ არის.

„როგორც წესი, შეტყობინებები, მეწყერსაშიში ზონების შესახებ ცნობა ვრცელდება. ეს ინფორმაცია რომ ჩადის მუნიციპალიტეტებში, შემდეგ მათ უნდა დაიარონ ეს კერები და კარგად შეისწავლონ. თუმცა, როგორც წესი, ადგილზე მომუშავე არცერთი პერსონალი არ არის, ვისაც შეუძლია ამ დოკუმენტების წაკითხვა. კი ბატონო, ინფორმაციას ავრცელებს გარემოს სააგენტო, მაგრამ შემდეგ ვინ აკეთებს ამაზე რეაგირებას? ადგილზე უნდა იყოს სპეციალისტი, რომელსაც ამის წაკითხვა შეუძლია. არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს განახორციელებენ ადგილზე და ნახავენ, სად შეიძლება იყოს კიდევ წარმოქმნილი კერა. ამას ჰქვია პრევენციული ღონისძიებები, რომელიც შეიძლება, გაკეთდეს ყველგან.

ჩვენ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად, ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ. იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, მიწის ეროზიის არსებობს შემთხვევაში, შესაძლოა, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, იქაც კი ჩამოწვეს. სამწუხაროდ, არ გვაქვს არც ადაპტაციური ღონისძიებების გეგმა, არც მუნიციპალიტეტებში არის მზაობა, რომ ეს გახდეს მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვრეაგირებთ პოსტ ფაქტუმ, მოხდა ტრაგედია და შემდეგ ვიწყებთ ძიებას, რა იყო მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ სისტემები მუდმივად არ მუშაობს და მთლიანი სისტემა აწყობილი არ არის. დავდევთ უკვე მომხდარს და პრევენციას არ ვაკეთებთ. არ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ მოდით, სიფრთხილე გამოვიჩინოთ, მოდით, იქნებ გავამაგროთ თუნდაც ფერდები, რომელიც არის სათუო. ეროზიული პროცესები არ ხდება თავისით, როგორც წესი, ეს არის კლიმატის ცვლილების ფონიც, ადამიანის მუშაობის და მიწის ნაკვეთის არასწორად მოხმარების შედეგიც. ამ მომენტში იწყება ასეთი მეწყრული პროცესების წარმოქმნა.

ჩვენ, გარემოს დამცველები ველოდებით, რომ ძალიან მალე, ასეთი რისკები უფრო მეტი შეიძლება იყოს. თუ გვინდა, რომ რამეს მივაღწიოთ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადაპტაციური ღონისძიებები, რომელიც იქნება თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით დამუშავებული და ყველა მუნიციპალიტეტს ექნება შესაბამისი დაკვირვების სისტემები. თუ ეს არ გაკეთდა, ჩვენ ვერასდროს მოვახდენთ ტრაგედიების პრევენციას. ძალიან კარგად უნდა იყოს აღქმული, რომ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება არ არის ამაზე პასუხისმგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობებიც არიან პასუხისმგებელნი და სპეციალისტები ადგილზე უნდა გვყავდნენ.

შოვის ტრაგედიის დროსაც ამას ვამბობდით. ახლა ერთ-ერთი ორგანიზაცია სამინისტროს უკეთებს რისკების თვალსაზრისით კონკრეტულ სქემებს, მაგრამ ჯერ დასრულებული არ არის. ახლა უნდა იყოს მეორე შეხვედრა“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.

წყარო : bpn.ge 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა