თეგებით ძიება

ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ - ნინო ჩხობაძე

ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ, - ამის შესახებ "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა რომ ჰქონოდა, მეწყრის ზონაში ადამიანებს დროულად გაასახლებდნენ და ისინი დღეს ცოცხალი იქნებოდნენ.

„ადამიანებს ეტყოდნენ, იცით, პირველი ნიშნები დაეტყო და ახლა უკვე საფრთხეა, უნდა გაგიყვანოთ. გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა", - განაცხადა ჩხობაძემ.

მისი განმარტებით, როცა ამხელა მასა მოდის, ადამიანების გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.

„ერთადერთი პრევენცია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ეს არის გაასახლოს მოსახლეობა იმ ზონიდან, სადაც საშიშროება არის. მით უფრო, რომ ასეთი განცხადებები მანამდეც კეთდებოდა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია აჭარა-თრიალეთის ქედთან მიმართებით. არის საუბარი იმაზე, რომ მცირე კავკასიონიც მოყოლებულია ასეთ აქტიურ ზონაში. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო მეტად გააქტიურდება, იმიტომ, რომ კლიმატიც ცვლილება გვაქვს სახეზე იმიტომ, რომ უხვი ნალექი მოდის ერთ დღეში. ის, რაც 3 თვის განმავლობაში მოდიოდა. ამ შემთხვევაში, როცა ეროზირებული გაქვს ძალიან ბევრი მიწა, რა თქმა უნდა, ეს მოწყდება, თან რომ დააკვირდეთ კადრებს, ნახავთ, რომ ფერდის ზედა ნაწილი პრაქტიკულად მოცილებულია. ახალი ნერგებია, რამდენადაც ვხვდები, მანამდე ჭრას ექვემდებარებოდა, ადამიანის ძალიან დიდი ზემოქმედება ჰქონდა ფერდს და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არანაირი წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ინფორმაციას აგზავნიან მუნიციპალიტეტებში", - განაცხადა ჩხობაძემ.

მისი განმარტებით, ძალიან სერიოზული საკადრო პრობლემები არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით სპეციალისტების არარსებობის გამო.

„ჩვენ ადგილზე სპეციალისტები არ გვყავს. წარმოიდგინეთ, რამდენი მეწყრული ზონაა, ყველაზე რეაგირება ფიზიკურად ვერ მოხერხდება", - განაცხადა ჩხობაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მეწყრული პროცესები გააქტიურა, ასევე, იმ ფაქტორმა, რომ ნალექი, რაც თოვლის სახით უნდა მოსულიყო, წვიმის სახით წამოვიდა.

ნინო ჩხობაძემ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფომ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე უნდა იზრუნოს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და გადაამზადოს კადრები.

„უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, სადაც ვიცით, რომ რაღაც ხდება. თუნდაც რუკები, რომელიც მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს იმას, რომ იკრიბებიან ადამიანები, ვისაც ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ, ათვალიერებენ ადგილზე რა ხდება. თუ ეს საფრთხის შემცველია, მაშინ გამოჰყავთ სოფლიდან ადამიანები ან სპეციალური დამცავი ღონისძიებები ტარდება", - განაცხადა ჩხობაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა