თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 106 წლისაა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თსუ-ის 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თსუ-ის პანთეონში, უნივერსიტეტის დამფუძნებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებაში ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობდა.
თსუ-ის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, 1918 წლის 8 თებერვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში.
„ვულოცავ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეს. უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან, უნივერსიტეტი იქცა არა მხოლოდ განათლების ცენტრად, არამედ, ზოგადად, მეცნიერების განვითარების მთავარ კერად მე-20 საუკუნის საქართველოში. მაგრამ ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაინც ის არის, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს უნივერსიტეტი ინარჩუნებდა მთავარ ნაციონალურ იდეას, რომელზეც გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალი სახელმწიფო დაფუძნდა. სწორედ ესაა უნივერსიტეტის უპირველესი მისია“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ უმაღლესი განათლების ფლაგმანია საქართველოში. თსუ 30-მდე კორპუსში, მათ შორის 12 სასწავლო კორპუსში, 7 ფაკულტეტის 240 საგანმანათლებლო პროგრამაზე, 25 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია განთავსებული.