ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია შემოდის - რა მიმართულებით იფრენს Air Iveria
საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია შემოდის. Air Iveria ოპერირებას 2025 წლიდან დაიწყებს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა, თენგიზ ტყეშელაშვილმა განუცხადა.
როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ფრენების დაწყება იგეგმება ლონდონის, პარიზის, ბრიუსელის, ფრანკფურტისა და სხვა მიმართულებით.
„ახალი ნაციონალური ავიახაზები კეთდება, რომელიც იფრენს შემდეგი მიმართულებით: ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, აბუ დაბი, ფრანკფურტი, ერ-რიადი, ჩინეთი, ცენტრალური აზია, სკანდინავია და სავარაუდოდ, სხვა მიმართულებითაც. დამატებით გვეცოდინება წლის ბოლოსთვის. ფრენები 2025 წლის აპრილ/მაისში დაიწყება“, - განგვიცხადა თენგიზ ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, შპს ავიახაზები ივერია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2022 წლის 21 ნოემბერს. კომპანიის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2023 წლის 21 ივნისს განახლდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიის 2 დირექტორი ჰყავს - თენგიზ ტყეშელაშვილი და ირაკლი გიორგობიანი. ტყეშელაშვილი კომპანიის წილის 38.5%-ს განკარგავს, გიორგობიანი - 31.5%-ს, ხოლო დარჩენილი 30% წილის მფლობელი გიორგი ბერიშვილია.