თეგებით ძიება

„საბავშვო ბაღებს ინტერნეტს და შუქს უთიშავენ, გათბობის პრობლემების გამო, რამდენიმე ბაღი დაიკეტა“ - რა ხდება სკოლამდელი აღზრდის სისტემაში?

როგორც ცნობილია, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, 131 მილიონი ლარით გაიზარდა. ისიც ცნობილია, რომ გაზრდილი ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, თუმცა ჩვენამდე მოსული ინფორმაციის თანახმად, სისტემამ 2024 წელი პრობლემებით დაიწყო, რაც ამჟამადაც გრძელდება.  

TIA.GE-ს თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელისგან თავი შეიკავა.

- საბავშვო ბაღებში პრობლემები 2024 წლიდან დაიწყო, როდესაც საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს თუ მერიის გადაწყვეტილებით, სახაზინო სისტემაზე გადავედით.  

- იქნება აგვისხნათ, სახაზინო სისტემა რას გულისხმობს და პრობლემები რამ გამოიწვია? 

- აქამდე სააგენტო ბაღებს მათთვის გამოყოფილ თანხას ანგარიშზე ურიცხავდა.  ყველა ბაღს თავისი, გარკვეული ბიუჯეტი ჰქონდა და თავად განკარგავდა ბავშვების საჭიროებებისთვის, თანამშრომლების ხელფასებისთვის და ა.შ. 2004 წლიდან, სააგენტო ფულს ბაღებს აღარ ურიცხავს და ბაღის საჭიროებების მოგვარებას თავის თავზე იღებს. სწორედ აქედან დაიწყო ყველა პრობლემა. ესაა სახაზინო სისტემა, რომელიც წლების წინ მოქმედებდა, მაგრამ რომ არ გაამართლა, 2007 წელს იმიტომ დაფუძნდნენ საბავშვო ბაღები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად და იმიტომ გადაეცათ თანხების განკარგვის უფლება. ზუსტად იმ სახაზინო სისტემის დროს, როცა ბაღებს ბევრი რამ აკლდა, არსებობდა მშობლებისგან თანხის შემოწირვის პრაქტიკა. მერე სამართლიანად ჩათვალეს, რომ მშობლებისგან თანხის მიღება არ შეიძლებოდა და მართლაც, 2007 წლის შემდეგ ასეთი პრაქტიკა შეწყდა. ახლა ბაღებს ყველაფრის უფლება  ჩამოართვეს. ბუღალტერიას, ხელფასებს და ყველაფერს ვაგზავნით სააგენტოში, რომელიც საქმეს თავს ვერ აბამს. სააგენტომ ვერ გაარკვია რამდენი უნდა გადარიცხოს, რა უნდა გააკეთოს და საშინელება ხდება. ბაღებში ხელფასები  იგვიანებს. ამ მხრივ, შშმ ბავშვებთან, ხელშეკრულებით მომუშავე აღზრდელები განაკუთრებით დაზარალდნენ - ბევრს ხელფასი დღემდე არ აუღია. ბაღებს სამეურნეო საქონლის მარაგი ტუალტის ქაღადიდან დაწყებული, ხელსახოცით და ჭურჭლის ჟელეთი დამთავრებული, გამოელიათ, მშობლისთვის თხოვნა არ შეიძლება და ყიდვა ამ საცოდავი ხელფასის მქონე აღმზრდელებს უწევთ. 

- საცოდავი რატომ? როგორც ვიცი, 2024 წლიდან ბაღის თანამშომლებს ხელფასი  გაეზარდათ.

- დიახ, 15% მოუმატეს, რაც ჩვენი მწირი ხელფასის გათვალისწინებით არაფერია. საერთოდ, საბავშვო ბაღის მასწავლებლებს ყველაზე მცირე ხელფასი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ და დამატებითი პრობლემები აღარ ჭირდებათ. ხელფასების დაგვიანების გარდა, კომუნალური გადასახადების გადახდის მხრივაც პრობლემებია. ბევრ ბაღს ინტერნეტი გაეთიშა, როცა დოკუმენტაცია ინტერნეტითაზეა დამოკიდებული. ბევრს შეტყობინება მიუვიდა, რომ გადაუხდელობის გამო შუქი გაეთიშება და დირექტორებმა „თელმიკოს“ ხვეწნით და მუდარით არ გაათიშინეს. ბევრ ბაღს საქვაბეების პრობლემა აქვს და ბაღის დახურვა მოუწია, იმიტომ, რომ ხაზინაზე გადასვლამდე ბაღებს გათვალისწინებული ჰქონდათ ეს თანხები და ახლა სააგენტოს ელოდებიან.  ამის გამო სააღმზრდელი პროცესები იშლება. როგორც ვიცი, გათბობის პრობლემების გამო 95, 216 და კიდევ რამდენიმე ბაღი დაიხურა. ბუნებრივია, თუ თანხა არ გადაურიცხე, არც ერთი ხელოსანი და კომპანია არ მოვა და საქვაბეს არ გაგიკეთებს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კვების ტენდერი ორჯერ ჩაიშალა და უხარისხო პროდუქცია შემოდის.  

- თქვენი აზრით, პრობლემები რამ გამოიწვია?

- სააგენტოს ახალი ხელმძღვანლი ჰყავს, რომელიც სისტემაში ჯერ გარკვეული არაა. ძალიან ჭკვიანი ადამიანი ჩანს, მაგრამ მარტო მან რა უნდა გააკეთოს, როცა სააგენტოში სკოლამდელი აღზრდის სისტემის მცოდნე ადამიანი სანთლით საძებნელია? 2010 წელს, როდესაც სააგენტო ჩამოყალიბდა, სულ 13 თანამშრომელი ჰყავდათ და ყველაფერს ასწრებდნენ, მერე 24 თანამშრომელი გახდა, მერე 60, 120 და ასე უმატებენ... სააგენტოს თანამშრომლებმაც კი არ იციან საშტატო ერთეულში რამდენი თანამშრომელი ჰყავთ, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, აქედან საქმის გამკეთებელი რამდენია. ახლა ამ სახაზინოზე გადასვლასთან დაკავშირებით კიდევ დაამატეს კადრები, რომლებმაც უნდა აწარმოონ ბუღალტრული საქმიანობა ბაღებთან დაკავშირებით - ხელფასები იქნება, ტენდერები თუ ბაღების მომარაგება და როგორ აწარმოებენ, უკვე ვხედავთ.  

ერთი პერიოდი სააგენტოს გაუქმებაზე იყო ლაპარაკი და ვფიქრობ, რომ ეს სახაზინო სისტემა სააგენტომ თავის გადასარჩენად მოიფიქრა. 

- პრობლემებთან დაკავშირებით ბაღებმა სააგენტოს ხელმძღვანელობას თუ მიმართეს?

- მიმართეს და პასუხად მხოლოდ ის ესმით, რომ გაერკვევიან. სანამ ესენი ერკვევიან, ბაღებმა რა ქნან? ბაღის დირექტორებს მშობლებისთვის რამის თხოვნა აკრძალული აქვთ იმიტომ, რომ სამეურნეო იყო თუ საკანცელარიო საქონელი, ყოველთვის საკმარისად შემოდიოდა და ნაშთიც რჩებოდათ, მაგრამ ახლა საერთოდ აღარაფერი აღარ აქვთ. წარმოიდგინეთ, ამდენ ბავშვთან  ტუალეტის ქაღალდი, სარეცხი თუ სადეზინფექციო საშუალებები რომ არ გაქვს, როგორ უნდა იმუშაო? შეიძლება ყველა არა, მაგრამ ბაღების უმრავლესობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ბაღის დირექტორებს ადგილის დაკარგვის ეშინიათ და ხმას ვერ იღებენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ კახა კალაძემ ეს ყველაფერი არ იცის და მერიამდე ეს ინფორმაცია არ მიაქვთ.

რა გახდა საბავშვო ბაღების საბიუჯეტო აღრიცხვისა და  ფინანსური  ოპერაციების სახაზინო სისტემაზე გადასვლის საფუძველი და რატომ ექმნებათ ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ სასკოლო აღზრდის დაწესებულებებს მუშაობაში სირთულეები, ამ კითხვებით TIA.GE  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოდან მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომლის თანახმად, საბავშვო ბაღების მართვა კანონის შესაბამისად ხდება და ბაღებს ფინანსების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად სუბსიდიის სახით შეუნარჩუნდათ.

„2024 წლის იანვრიდან ბაღებზე პირველად გავრცელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი, ასევე ბაღების საბიუჯეტო აღრიცხვისა და  ფინანსური  ოპერაციები გადავიდა სახაზინო სისტემაზე. შესაბამისად, ბაღების მართვა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით ხდება.

ბაღების საჭიროებების, მათ შორის გათბობა-ვენტილაციის, მცირე თუ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშოების, კვების  და საქონელსა და მომსახურებასთან მიკუთვნებული სხვა ტიპის მომსახურების შესყიდვა, ორგანიზდება ელექტრონული ტენდერების  გზით სააგენტოსა და ბაღების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ბაღებს სუბსიდიის სახით შეუნარჩუნდათ ფინანსების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

სააგენტოსა და ბაღების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული,  კონტრაქტორი კომპანიები საჭიროების შემთხვევაში, წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ მომსახურების მიწოდებას საბავშვო ბაღებისათვის.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნებზე მორგების შრომატევად პროცესს, რომლის მიზანიც იყო ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობა, მენეჯნენტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ბიუჯეტის ეფექტური მართვის უზრუნველყოფა,  ერთი დღითაც არ გამოუწვევია სააღმზრდელო პროცესის შეფერხება  თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში“, - აღნიშნულია თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა