88 წლის ასაკში იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოძავა გარდაიცვალა
88 წლის ასაკში იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოძავა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
ოძავამ ტოკიოს ტოხო გაკუენის სახელობის მუსიკალური აკადემია, ფორტეპიანოს მიმართულებით დაამთავრა. მომავალმა დირიჟორმა რაგბის თამაშისას თითები დაიზიანა, რის გამოც პიანისტის კარიერაზე უარის თქმა მოუწია. 1959 წელს, იმავე სასწავლებელში, ოძავამ დირიჟორის ფაკულტეტის დიპლომი მიიღო, იმავე წელს გახდა ბეზანსოსის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.
მოგვიანებით სწავლობდა ჯერ ბოსტონის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელ შარლ მიუნშთან, შემდეგ კი ბერლინის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორთან, გერბერტ ფონ კარაიანთან.
1961 წელს გახდა ნიო-იორკის სიმფონიური ორკესტრის მეორე დირიჟორი, რომელსაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი ლეონარდ ბერნსტინი ხელმძღვანელობდა.
1965-1970 წლებში ხელმძღვანელობდა ტორონტოს, ხოლო 1969-1976 წლებში სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრებს.
1973-დან 2002 წლამდე იყო ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 2002-2010 წლებში იყო ვენის სახელმწიფო ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი.
2004 წელს დაარსა მუსიკალური აკადემია შვეიცარიაში.
ოძავა არის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის, ავსტრიის საპატიო მუსიკალური ორდენის, კენედის ცენტრის პრემიისა და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების მფლობელი.