დანილოვი ბელგორდში ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეების ყოფნას არ ადასტურებს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ил-76-ზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ იმყოფებოდნენ.
"იყვნენ თუ არა იქ ჩვენი ტყვეები? დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არა. ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, ადგილზე მეტი ბიოლოგიური მასალა, ანუ დაღუპულთა სხეულები იქნებოდა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ეს ყველაფერი მათ წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. ამიტომ, დაველოდოთ, უბრალოდ უნდა დაველოდოთ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ლავროვი ამას ბევრჯერ გაიმეორებდა გაეროში და ამ ყველაფერს აჩვენებდნენ. არაფერი არ აქვთ საჩვენებელი, ეს რომ რეალურად მომხდარიყო, საერთოდ სხვა სურათი იქნებოდა" – ამბობს დანილოვი.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 24 იანვარს მოხდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ილ-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც უნდა გაეცვალათ. მათივე მტკიცებით, თვითმფრინავიც უკრაინამ ჩამოაგდო. თუმცა, უკრაინა ბრალდებებსა და რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციებს არ ადასტურებს. უშიშროების სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.