თეგებით ძიება

„კობახიძე შინაარსობრივად სხვაგვარი პრემიერი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ "ოცნების" რიგებში ერთადერთი პოლიტიკოსია“ - გოჩა მირცხულავა

„იგი არ არის ისეთი გოიმი, რომ ტყე აჩუქოს ცოლს, ან ხუთ სართულიანი შატო აიშენოს“ - ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში საქართველო ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შესახებ წერს:

რატომ წუხხართ და მსჯელობთ იმაზე, პრემიერი ვის დაითხოვს ამა თუ იმ სამსახურიდან? 

რეალობა ის არის, რომ "ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს არ ჰყოლია ირაკლი კობახიძეზე უფრო ამბიციური და მიზანდასახული პრემიერი. მისი პოლიტიკური ცხოვრების ანალიზი არ გახლავთ მისი ვარცხნილობა და არც მისი ცინიზმი. მისთვის მიზანი მართლაც რომ ამართლებს საშუალებას. პოლიტიკაში კი თუ ყველაფრის მკადრებელი არ ხარ (ამას ცუდი გააზრებით არ ვამბობ) მაშინ არც პოლიტიკოსი ხარ. 

ამიტომ კობახიძეს ზერელედ და ზედაპირულად ნუ შეაფასებთ. დიახ, იგი მაქსიმალურად შეუშლის ხელს - უფრო სწორად არ დაუშვებს კორუფციას იმ მასშტაბებით რაც იყო. იგი არ არის ისეთი გოიმი, რომ ტყე აჩუქოს ცოლს, ან ხუთ სართულიანი შატო აიშენოს. ფულის შავი ნაკადები დიახაც იქნება, მაგრამ ის ორი მიმართულებით წავა - ერთი ივანიშვილისკენ (ამ პროცესში კობახიძე მონაწილეობას არ მიიღებს - ეს არ ნიშნავს, რომ არ ეცოდინება) და პარტიისკენ (ეს მასაც სჭირდება, მაგრამ აქაც უშუალოდ არ ჩაერევა). 

მოკლედ, კობახიძე შინაარსობრივად სხვაგვარი პრემიერი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ იგი "ოცნების" რიგებში ერთადერთი პოლიტიკოსია. 

ჰო, პოლიტიკოსის საზომი არ არის მოგვწონს არ მოგვწონს. ეგრე ვიღაცას სიდედრიც არ მოსწონს, მაგრამ მისი შვილი ცოლად ჰყავს. ამიტომ კობახიძეს, როგორც პრემიერს, აბუჩის აგდებით ნუ შეხედავთ. ვიმეორებ, მისთვის, სხვათა შორის წულუკიანისთვისაც, იდეა და მიზანი არ არის ფული, როგორც "ოცნების" არა თუ ლიდერებისთვის, მხარდამჭერებისთვისაც, არამედ მას სხვა იდეა და სხვა მიზანი აქვს. საკუთარი იდეის ხორცშესხმისა და მიზნისკენ გზაზე ის იქნება შეუპოვარი, უფრო მეტად ცინიკოსიც, უფრო მეტად დაუნდობელიც, უფრო მეტად საშიშიც და თქვენ წარმოიდგინეთ პრაგმატულიც.  

კობახიძის იდეისა და მიზნის განვრცობისგან კონკრეტული მიზეზის გამო თავს შევიკავებ.  

ჰო, გაითვალისწინეთ ქვეყანაში სულ ხუთი პოლიტიკოსი გვყავს - ადრე პერსონალურად ჩამომითვლია ისინი - კობახიძე ამ ხუთეულში სულაც არ გახლავთ მეხუთე. 

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ახლა კობახიძე ვის ხსნის და ვის ნიშნავს, ამას არ აქვს მნიშვნელობა - "ოცნებაში" მის კარიერას დააკვირდით - არამედ იმაზე იფიქრეთ, რა უნდა მას და რას გააკეთებს იმისთვის რაც სურს - წერს მირცხულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა