თეგებით ძიება

„ეს რთული, მაგრამ ერთადერთი გზაა სრულფასოვანი დაბრუნების“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„თითქოს ბანალური ამბავია, მაგრამ მენტალური ავადობებისას უზუსტესი: დრო თანაბრად არის მოკავშირეც და მტერიც - მთავარია რა განწყობით გაჰყვები მას. მავნებელია კალენდარული დათქმები - ,,ერთ თვეში მორჩები ან მოვრჩები", ,,ექვს თვეში", ,,ერთ წელიწადში" - ეს გარდაუვლად განგაწყობს მოცემული დრო ცუდად იყო.

გამოჯანმრთელება უნდა დაიწყო დღესვე, აქ და ახლა.

ცხადია, ყველაზე რთული და ამავდროულად, აუცილებელი -  ბრძოლის დაწყებაა. თუმცა, საიდან უნდა ავთვალოთ საწყისი წუთი, როცა საკუთარი თავი მოუხელთებელია და თითქოს დაუძლეველ ფსიქო-სომატურ  წრეში გვატრიალებს?  გონებას დამახსოვრებული აქვს ტანჯვა და ზეპირ რიტუალს იმეორებს. დიახ, დაზეპირებული, რადგან ადამიანი იმთავითვე არის ბაძვა. 

ტვინს სხვა საზეპირო უნდა შევთავაზოთ.

აუცილებელი გზა - ფსიქიატრია, თერაპია, ძილის და კვების მოწესრიგება და სხვანი - რაღაცით უნდა დაიწყოს. რაღაც უცნაური ნაბიჯით და ეს ვერ იქნება ,,თავს შემოუძახე" და ,,ხელში აიყვანე" - ასე უცებ და ერთბაშად. სწორედ აქ გვჭირდება მოკავშირედ დრო და მოთმინება. ადამიანად ყოფნა ზოგადად  საკუთარი თავის ყოველდღიური იძულება მგონია და ამ დროს - მით უფრო. ,,რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა” - ეს არის. რუსთაველია. აიძულე საკუთარი თავი ფრთხილად, მაგრამ რუტინულად ხშირად, დაბრუნდეს იქ, რაც ოდინდელ ყოფად გახსოვს. ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიტყუე თუნდაც გამოგონილი წუთები და შესთავაზე ტვინს. ეს რთული, მაგრამ ერთადერთი გზაა სრულფასოვანი დაბრუნების. დიდი დაბრუნების. და აუცილებლის.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა