იფნარაში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - შსს
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარაში დათვი ჯაჭვით ხეზე დაბმული ნახეს. ცხოველთა დამცველების მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეოზე ჩანს, რომ ცხოველი მძიმე მდგომარეობაშია.
ინფორმაცია დათვის შესახებ თავდაპირველად გორში მცხოვრებმა თამუნა გოგალაძემ გაავრცელა. იგი დახმარებას ითხოვდა და განცხადებით მიმართა როგორც შს სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვით სამინისტროს, რომელთა დაქვემდებარებაშია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
თამუნა გოგალაძის ცნობით, ტერიტორია, სადაც დათვია დაბმული, წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას, ხოლო ცხოველი ბელობის დროს არის დაბმული, დათვს მარყუჟმა ყელის და კისრის არეში დაზიანებები მიაყენა.
,,ნაკრძალის რეინჯერი მიმტკიცებს, რომ დათვი ბრაკონიერების მიერ დაბმულ ხაფანგში გაება, წამოიყვანა და გადარჩენას ცდილობს, თან ამბობს რომ ზამთარში დათვებს სძინავთ და რომ გაუშვას, მგლის ლუკმა გახდება. კითხვა: ყელგადახსნილ დათვს ისევ ყელზე უკეთებ მარყუჟს ისე, რომ ლამის დაიხრჩოს? რატომ არ განაცხადეს ამ ფაქტის შესახებ?'' - კითხულობს ცხოველთა დამცველი.
თამუნა გოგალაძის განცხადებით, დღეს იფნარაში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა დათვთან მიკარება ვერ შეძლეს. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
შს სამინისტროში გვითხრეს, რომ დათვი ამჯერად კვლავ ადგილზეა და ელოდებიან სპეციალისტებს, რომლებიც დათვის დაძინებას და შემდგომ წამოყვანას შეძლებენ.
წყარო: qartli.ge