ნიუ-იორკის მეტროში სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა
ნიუ-იორკში, ბრონქსის მეტროში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი - დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ამ დრომდე ეძებენ შეიარაღებულ პირს, რომელიც მეტროსა და სადგურის პლატფორმაზე ცეცხლის გახსნაზეა პასუხისმგებელი.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის (NYPD) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთისკენ მიმავალ ერთ-ერთ მატარებელში მოზარდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.
ამავე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპული პირი 34 წლის მამაკაცია. გარდა ამისა, საავადმყოფოში გადაყვანილ ხუთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.