ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ქანდაკების შემდეგ, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ნამუშევარს ვარკეთილში, კორპუსის სახურავზე განათავსებს
ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ქანდაკების შემდეგ, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ნამუშევარს ვარკეთილში, კორპუსის სახურავზე გამოფენს.
ვარკეთილი 3-ის, მეორე მიკრორაიონის მე-18 კორპუსის სახურავის 17 მეტრიან მონაკვეთზე ვიზუალური, ან აუდიოვიზუალური ხელოვნების ნაწარმოების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
საჯარო ხელოვნების ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ საკონკურსო ნაწარმოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 40 ათას ლარს – „წარდგენილი პროექტი უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე სახელოვნებო პროცესებსა და აქტუალურ შემოქმედებით დისკურსს“.
თუ რატომ შეირჩა კორპუსის სახურავი? - ამ კითხვაზე თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერი, სალომე კაპანაძე აცხადებს:
„სახურავი შევარჩიეთ იმიტომ, რომ იყოს განსხვავებული, მრავალფეროვანი და ახალი შესაძლებლობა მივცეთ ხელოვანებს.
ვარკეთილში დასამახსოვრებელია კორპუსების სისტემა და გადავწყვიტეთ განვათავსოთ სახურავზე, რომელიც ქუჩიდანაც აღქმადი იქნება“.
ვიზუალური, ან აუდიოვიზუალური ნაწარმოები მე-18 კორპუსის სახურავზე ერთი, ან მაქსიმუმ ორი წლით განთავსდება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ხელოვანს, ასევე იურიდიულ ან მეწარმე იურიდულ პირებს.
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 10 მარტია, ხოლო ნამუშევარი 13 აპრილამდე უნდა გამოიფინოს.
წყარო: ubnisambavi.ge