საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მირქმა-მიგებების დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს:
"მირქმა-მიგებების დღესასწაული ეს არის დიდი ზეიმი, - კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა.
როგორც ცნობილია, ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს 40-ე დღეს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, - ღრმად მოხუცებულ წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი. მართალ სვიმეონს ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; და, აი, მათი შეხვედრით დასრულდა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ძველი აღთქმის პერიოდი და სათავე დაედო ახალი აღთქმის ეპოქას.
ამიტომაც ეს ზეიმი დადასტურებაა იმისა, რომ „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა,“ რომ მთელ მსოფლიოს უფლის ნათელი მოეფინა და გაიხსნა გზა ცათა სასუფევლისა. ამიტომაც არის „მირქმა“ სინათლისა და სიხარულის დღესასწაული და ამ დღეს ამიტომაც იკურთხება სანთლები.
ადრე იგი უფრო გამორჩეულად აღინიშნებოდა ყველგან, - იერუსალიმის ეკლესიაშიც და სხვა ეკლესიებშიც.
კერძოდ, სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობით მსვლელობას აწყობდნენ.
ამას ადასტურებენ წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი (IV ს) და სხვანი.
ეს წესი საქართველოშიც მოქმედებდა. შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, იგი დავიწყებას მიეცა და, ძირიადად, ხალხურმა მეხსიერებამ შემოგვინახა „ლამპრობის“ სახელწოდებით.
როგორც ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თავის სტატიაში („ლამპრობა-მიგებების დღესასწაული“) წერს, „ლამპრობის“ ხალხური წესი შემორჩენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: სვანეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, გურიაში, იმერეთში...
სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, ჩვენთან უკვე რამდენიმე წელია მირქმა ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების და სვანეთში დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ იგივე „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) გათვალისწინებით აღინიშნება.
სვანეთში შემორჩენილი ერთ-ერთი ტრადიციით საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადიან მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად, ასევე, ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც, ასევე, სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. შემდეგ რომელიმე ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის, - ყრმა იესოს და წმ. სვიმონ მიმრქმელის შეხვედრისა.
სვანეთში ამ დღეს მიდიან სასაფლაოზეც, რათა მიცვალებულებსაც ახარონ უფლის განკაცება.
ასე რომ, მირქმის დღესასწაულზე, - საზეიმო ლოცვის ან წირვის შემდეგ, - მისი უწმინდესობის მიერ აღდგენილი წესით უნდა მოხდეს სანთლების კურთხევა, მერე კი ანთებული ნაკურთხისანთლებითა და ბაირაღებით ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიების გარშემოვლა. სასურველია, სასულიერო პირები ბავშვებთან და მრევლთან ერთად ოჯახებშიც მივიდნენ; ბავშვებს დაალოცინონ ოჯახის უფროსი და პირიქით, ოჯახის უფროსმა, - მასთან მისულნი და გაცვალონ სანთლები; ასევე, სასურველია, მირქმის დღეს ყოველ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც − შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული ნაკურთხი სანთლები, დალოცონ ოჯახის წევრები, ახლობლები, სამშობლო და მოიგონონ გარდაცვლილი წინაპრები" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.