ყოფილი ცოლის მკვლელობა თბილისში - სასამართლომ ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
ფაქტი თბილისში, 2023 წლის 4 ივნისს მოხდა. გამოძიება ამბობს, რომ კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და გვამი გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ხევში გადააგდო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო", - წერია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.