თეგებით ძიება

რატომ ეშინია ადამიანს ყოველგვარი ცვლილებისა და სიახლის?

სიახლის შიში შესაძლო მარცხის შიშს უკავშირდება, წარუმატებლობა არავის ხიბლავს, ყველას უნდა გამარჯვება, ამიტომ ვფრთხილობთ, ბევრს ვმსჯელობთ და უკვე გადაწყვეტილ საკითხებზეც კი ბოლო მომენტში უკან დახევაზე ვფიქრობთ. ამ შიშის გამო ბევრს მოქმედებას უმოქმედობა ურჩევნია, რადგან კომფორტის ზონაშია და არ უნდა გარისკვა. თანამედროვე სამყაროში კი სიახლეებისა და მუდმივი ცვლილებების გარეშე შორს ვერ წავალთ.

რატომ გვეშინია სიახლის? იმიტომ, რომ სიახლე არის რისკი და რისკს კი შეიძლება მოჰყვეს მარცხი.

სიახლეში უნდა დავინახოთ შესაძლებლობა და არა მოსალოდნელი მარცხი, რადგან თავისთავად მარცხიც შესაძლებლობაა – სწავლის შესაძლებლობა, და ეს არ ეხება მხოლოდ დიდ გადაწყვეტილებებს, სტრატეგიულ არჩევანს.

მუდმივი ცვლილებები – ეს ბუნებრივი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, გვინდა ეს თუ არა. თუმცა საინტერესოა, რამდენად მარტივად ვეგუებით ცვლილებებს და გვეშინია თუ არა მისი. ქართველებს ერთი საინტერესო გამოთქმა გვაქვს: „შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველსო“. აქედან არც ისე რთულია ზოგადი სურათის წარმოდგენა – უჰაერობისა და დისკომფორტის მიუხედავად, გვირჩევნია დავრჩეთ ნაჭუჭში, ვიდრე გამოვიდეთ გარეთ ახალ, საინტერესო გარემოში.

დაბადებიდან მოყოლებული ჯერ კიდევ მშობლები გვინერგავენ, ვიყოთ შემგუებლები, ვიმოქმედოთ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით: სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური.

ოდესმე საერთოდ რაიმე გადაგვიწყვეტია სრულიად დამოუკიდებლად? იქნებ, სწორედ ეს „დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“ გვაშინებს, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, იმის აღიარება, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.

და მაინც, რა ვქნათ, თუ სიახლის გვეშინია? პირველ რიგში, სიახლე უნდა განვიხილოთ და არა განვსაჯოთ. მეორე – უნდა ვეცადოთ მარტივად მივუდგეთ საკითხებს, სიტუაციის გართულება გააძლიერებს ჩვენს პესიმიზმს. მნიშვნელოვანია, შევამჩნიოთ მცირე ცვლილებაც კი, რადგანაც სწორედ პატარა ცვლილებებია დიდი გარდაქმნების წინაპირობა.

არასოდეს დარჩეთ კომფორტის ზონაში, რამდენადაც მყურდო უნდა გეჩვენოთ ის, რადგან ერთ ადგილზე დგომით ვერასდროს გაიგებთ, რა გელოდებათ წინ! კომფორტის ზონაში დარჩენილი ადამიანი ემსგავსება ზოოპარკში დაბადებულ ცხოველს, რომელიც ცხოვრობს „მშვიდად და ბედნიერად“, თუმცა წარმოდგენაც არ აქვს, რამდენად მრავალფეროვანი და მშვენიერია ცხოვრება გალიის გარეთ. „თუ წინ არ მიიწევ, ე. ი. უკან მიდიხარ“.

ზოგჯერ სიახლისა და ცვლილებების შიში დაავადებაში გადადის, რომელსაც ნეოფობია ეწოდება. სიახლის შიში ბუნებრივია. ახალი – ის, რაც ჯერ არ იცის გონებამ – გული გრძნობს, რომ შეიძლება რაღაც კარგი იყოს, მაგრამ ეს ჯერ ჩვენს გონებაში არ არის როგორც გამოცდილება, ამიტომ მოდის შიში. ჩვენს ხელშია ამის დაძლევა და მოვა შედეგი, თუ არ გადავა ნეოფობიაში.

მოუსმინე გულს და გონება მას დაეხმარება შიშის დაძლევაში.

რაიმე სიახლის მოლოდინში „მოლოდინის პროცესი“ ჩაანაცვლეთ მოქმედებით, მზადებით, ზრდით.

დააკვირდი, რა მასშტაბის წარმოსახვაა შიში, რომელიც მოვიდა, დაიწყე წარმოსახვის შემცირება და მისი რეალურად დანახვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა