თეგებით ძიება

ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება - მაია ბითაძე

ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება - როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება! - ამის შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და განმარტებები გააკეთა.

ბითაძის ინფორმაციით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება, ხოლო ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ.

ბითაძის თქმით, იგეგმება ცხოველის მიკედლებისა და მისი თავშესაფრიდან აყვანის წახალისება.

როგორც ამ კონტექსტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, მას შემდეგ რაც ცხოველთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება შეზღუდვა, რომლის მიხედვით, მრავალბინიანი კორპუსის ბინაში სამზე მეტი ძაღლის ყოლა აიკრძალება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს მას, მისთვის აღნიშნული შეზღუდვა აღარ იარსებებს.

ბითაძის ინფორმაციით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება.

„კანონპროექტზე საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, მათ შორის, დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად. ეს არის ძალიან კომპლექსური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის - ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება.

ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან (FAO), რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე როგორც მიუსაფარი ძაღლების მასშტაბური აღრიცხვა დაიწყება.

კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა არსებობს, რომელიც ამ კანონპროექტის თანახმად უნდა გაძლიერდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად 80 მლნ ლარზე მეტი უნდა გამოიყოს. ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას მნიშვნელოვნად ასწრებს.

კანონპროექტის მიხედვით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება და ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამ ვადის შემდგომ, ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი ცხოვრების ციკლის განმავლობაში მოხვდება (ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და სხვა), ვალდებული იქნება ძაღლის რეგისტრაცია გადაამოწმოს, რაც შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას გააადვილებს, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო.

მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ვაპირებთ ძაღლის ლეგალურად გამრავლებას, რათა ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია მოხდეს, ჩვენს ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაცია უნდა გავუკეთოთ.

გვაქვს გარკვეული დახმარების მექანიზმები, მათ შორის, მიმკედლებლებისთვის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, გარკვეული პერიოდი სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა გააგრძელოს.

ჩვენი მთავარი მიზანია, შეიქმნას ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან მიმართებით წლებია არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს.

ასევე არის გარკვეული დებულებები, რომელიც არახალია - მოქმედი კანონმდებლობით ცხოველის ალიკაპით ან საბმელის გარეშე ტრანსპორტირება იკრძალება. ამ კუთხით სიახლე გვაქვს კანონპროექტში - შეზღუდვა მხოლოდ მოკლე საბელამდე რჩება, ხოლო მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩანთით ან მოკლე, ძაღლის ტრანსპორტირების საშუალებით.

კანონპროექტით, ასევე განსაზღვრულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი. კანონპროექტის თანახმად, გვექნება საშუალება, მთავრობამ სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად გარკვეული შეზღუდვა შემოიღოს მათ გამრავლებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქართული ენდემური ჯიშის ძაღლებს არ შეეხება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა