გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება - ტერიტორია 15 310 ჰექტარს მოიცავს
გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულს გულისხმობს მთავრობის მიერ „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი.
პროექტის წარდგენა პარლამენტში გასული წლის მიწურულს მოხდა და ახლა მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი.
„გურიის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება.
ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს და IUCN წითელი ნუსხის და CITES კონვენციით დაცული, საქართველოს და კავკასიის ენდემურ მცენარეთა 74 სახეობის პოპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის შექმნა მათი დაცვის და შენარჩუნების მიზნით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2024 წლის 1-ლი ივლისიდან.