თეგებით ძიება

"ორბის" პროექტი ბახმაროს პარამეტრებში ჯდება – რას ამბობს გენგეგმის ავტორი?

ბახმაროს გენგეგმის ავტორის, გიორგი სულაბერიძის შეფასებით, „ორბი ჯგუფის“ მიერ ბახმაროში წარმოდგენილი პროექტი კურორტის გენერალურ გეგმას ყველა პარამეტრით შეესაბამება.

როგორც ურბანისტი და არქიტექტორი, BMG-თან ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნავს, ინვესტორი კომპანია, სახელმწიფო უწყებებთან ერთად წარდგენილ პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ყველა დეტალი ერთობლივად შეთანხმდა.

მისი თქმით, „ორბის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პრობლემური ის უკანონო მშენებლობებია, რომელიც კურორტზე სუსტი ადმინისტრირების გამო, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ბახმაროს 3000 ჰა-დან 90%, 2 800 ჰა ლანდშაფტური, სარეკრეაციო ზონაა, სადაც მშენებლობა არაფრით არ შეიძლება და ეს გენგეგმით დამტკიცებულია. არის საცხოვრებელი, სატრანსპორტო ზონები, არის ზონები, რომელსაც ფარავს ზვავსაშიში ტერიტორიები, მდინარის დაცვის ზონები. მხოლოდ 20%-ზე შეიძლება განვითარდეს საკურორტო ზონა, თუ ცხადია, არ შევცვლით ოდესმე გენგეგმას და თუ დავიცავთ მას. ბახმაროს გენგეგმა დამტკიცდა 2017 წელს და მას შემდეგ ძალაშია. თუმცა, წლების განმავლობაში სუსტი ადმინისტრირების გამო კურორტზე ინდივიდუალური სახლების თვითნებური მშენებლობები გრძელდება, იგივეა გომის მთაზე, გოდერძიზე, საქართველოს დიდ ნაწილში, ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო იძულებული გახდა, რომ ამ 400 თუ 500 მშენებლობისთვის ახალი ტერიტორია გამოყოს, სადაც ახალი გენგეგმასავით დოკუმენტი უნდა გააკეთონ.

ჩვენ 1 წელზე მეტი დაგვჭირდა მუშაობისთვის. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ძალიან კონსტრუქციული პოზიცია როგორც კომპანიისგან, ისე ეკონომიკის სამინისტროსა და სივრცითი სააგენტოს მხრიდან. ჩვენი ჩართულობით ვუწევდით კონსულტაციებს, ბევრი შეხვედრა გვქონდა მათთან და დღევანდელი წარმოდგენილი პროექტი, რა თქმა უნდა, ჯდება გენგეგმის პარამეტრებში, სხვანაირად შეუძლებელი იყო. ეს არის კოეფიციენტები, მაქსიმალური სიმაღლე, თანაფარდობა რეკრეაციასა და განაშენიანებისა შორის, მაქსიმალურ სიმაღლეს შორის, რომელიც არ აღემატება 12 მეტრს. გენგეგმაში არის დაშვებები დახრებიდან გამომდინარე, თუმცა წარდგენილი პროექტი ნამდვილად არის დოკუმენტთან თანხვედრაში.

მთელი საქართველო მცირემიწიანია, ამის მიუხედავად ნახევარი საქართველო ცარიელია. ევროპაში ტყე ტყეა, ქალაქი ქალაქი, ქარხანა ქარხანაა, ყანა ყანაა. რა თქმა უნდა ბახმარო მცირე მიწიანია, მაგრამ ჩვენ რომ კოეფიციენტი დავთვალეთ, ამ 3000 ჰა-დან 0001%-ია გაშენებული.

აქ საუბარია მიწის სწორად გამოყენებაზე, მიწის მენეჯმენტზე. 60მ²-იანი 2000 სახლი ჯობია თუ ერთი პირობითად 10-ათასიანი, არ ვიცი.“ - აცხადებს სულაბერიძე.

ურბანისტმა ე.წ. გუდაურიზაციის შიშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი შიშები რეალისტურია, თუკი სახელმწიფო გენგეგმის პარამეტრებს სამომავლოდ არ დაიცავს.

„რა თქმა უნდა, „გუდაურიზაციის“ საფრთხე არსებობს, მაგრამ თუ არ გადაიდგა ოდესღაც ნაბიჯი და ასეთი მიზიდულობის ცენტრი არ გაჩნდა, მხოლოდ კოტეჯებით განვითარება, არ ვიცი, რა ვადაში იქნება შესაძლებელი. მაშინ უნდა დავიცადოთ 15 წელი, ევროკავშირში შევალთ და მე ამაში დარწმუნებული ვარ, გავხდებით მინიმუმ როგორც ჩეხეთი, სლოვაკეთი.. შვეიცარია ვერ გავხდებით 10-15 წელში, მაგაშიც დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, და შემდეგ შეიძლება კოტეჯური განაშენიანება განვითარდეს.

ზუსტად მახსოვს როგორ ყალიბდებოდა წინანდლის საპროექტო დოკუმენტი „რედისონთან“ მიმართებით, იმიტომ რომ იმ პროექტშიც ვმონაწილეობდი და ნამდვილად არ უნდოდათ დამკვეთებს 5- სართულიანი ყოფილიყო „რედისონი“ იმ ფანტასტიკური ღვინის ქარხნის უკან. განიხილებოდა რომ ჯერ კოტეჯები უნდა განვითარებულიყო. დღემდე არის ორი კოტეჯი უკან, ვინ არის მყიდველი 4 მლნ-ად? მხოლოდ ვინმე არაბი შეიხი, სამაგიეროდ, სასტუმრო სავსეა და ერთ-ერთი პოპულარულია. მთელი კახეთის ლოკომოტივად იქცა წინანდალი და მე ვისურვებდი, რომ ბახმაროს ეს სასტუმრო, გახდეს გურიის ლოკომოტივი. ხოლო ბახმარო თუ არ უნდა გაფუჭდეს, ნუ შევცვლით გენგეგმას და დასრულდება ამით პრობლემა.“ - აცხადებს გიორგი სულაბერიძე.

კურორტზე არსებულ პრობლემებთან მიმართებით გენგეგმის ავტორი ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებს და ამბობს, რომ შესაბამისი სიმძლავრის კანალიზაციის, წყალგაყვანილობისა და ელექტროენერგიის გარეშე ბახმარო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო ბიზნესის და სახელმწიფოს თანამშრომლობა კარგად დაიგეგმოს ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ვგულისხმობ კანალიზაციას, წყალსადენს, ელექტრომომარაგებას. დღეს ბახმარო არის 3-4-თვიანი სეზონური კურორტი, რაღაც X-ს სიმჭიდროვით. ზამთარს არ ვთვლი, როცა 15 კაცი ჩამოდის და გაუკვალავ თოვლში სრიალებს. თუ კურორტი ხანგრძლივი გახდება, იქ დაიწყება ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც უნდა მოგვარდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ხეების მოჭრა არ შეიძლება და ლანდშაფტს და ტყეებს მოვლა უნდა... დოღზე თუ ყოფილა ვინმე? 2 000 კაცი ჩამოდის და გაჭედილია იქაურობა, არაფერი არ არის. ამიტომ ამის მოგვარება უმნიშვნელოვანესია.“ - განაცხადა გიორგი სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, კომპანია „ორბი ჯგუფმა“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დააანონსა. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შესულმა კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

პროექტის მიხედვით, „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 350 სასტუმრო ნომერს გაყიდის, რომელიც პრემიუმ კლასის იქნება. ყველა აპარტამენტს ექნება ტერასა, მთისა და ტყის ხედებით. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი, 5000 დოლარს აღწევს. სასტუმრო კომპლექსი ბახმაროს უნიკალურ ადგილზე განთავსდება და მთლიანად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტთან. მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.

ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და ის 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

ცნობისთვის, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია - "გადავარჩინოთ ბახმარო" შექმნა, რომელიც აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული. მიმართვის ადრესატი ეკონომიკის სამინისტროა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა