თეგებით ძიება
16. 02. 2024 მსოფლიო

საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-18 ადგილზეა

საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ღირებულების თვალსაზრისით, მე-18 ადგილზეა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) უახლეს, 2023 წლის რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, AAWE-ის მონაცემებით, 2023 წელს აშშ-ში საქართველეოდან 5,22 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის იმპორტი განხორციელდა. ამით საქართველო სიაში მოხვედრილ 2 მეზობელ ქვეყანას, კერძოდ, სომხეთს და თურქეთს უსწრებს, ხოლო აზერბაიჯანი და რუსეთი 71 იმპორტიორთა შორის ვერ მოხვდა.

სომხეთი 2,08 მლნ დოლარის იმპორტით 26-ე ადგილზეა. თურქეთიდან აშშ-ში 0,77 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განხორციელდა, რითიც ქვეყანა 37-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთი პოზიციით უსწრებს მოლდოვა, რომელიც სიაში პოსტასბჭოთა ქვეყნებიდან, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის გარდა, მხოლოდ ესტონეთთან ერთად ფიქსირდება. მოლდოვა 5,26 მლნ დოლარის ღვინის იმპორტით მე-17 ადგილზეა, მაშინ, როცა ესტონეთიდან აშშ-ში მხოლოდ 0,05 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განხორციელდა, რითიც ქვეყანა 58-ე პოზიციაზეა.

აშშ-ში ღვინის იმპორტის ღირებულებით ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

საფრანგეთი - 2,500.17 მლრდ დოლარი

იტალია - 2,117.22 მლრდ დოლარი

ახალი ზელანდია - 598.87 მლნ დოლარი

ესპანეთი - 364.36 მლნ დოლარი

ავსტრალია - 269.23 მლნ დოლარი

არგენტინა - 201.03 მლნ დოლარი

ჩილე - 166.31 მლნ დოლარი

პორტუგალია - 119.58 მლნ დოლარი

გერმანია - 79.54 მლნ დოლარი

კანადა - 70.74 მლნ დოლარი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა